პაატა ტრაპაიძე: ცქიტიშვილის დროს აღმოიფხვრა ჭორები კორუფციულ შეთანხმებებზე
კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის ახალ შემადგენლობას აფასებს. როგორც ცნობილია, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ნაცვლად პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძე წარადგინა.
ინფრასტრუქტურის მშენებელი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრის მაია ცქიტიშვილის საქმიანობას დამაკმაყოფილებლად აფასებს და აცხადებს, რომ სწორედ მის დროს აღმოიფხვრა გარკვეული ჭორები კორუფციულ შეთანხმებებთან დაკავშირებით.
„ერთადერთი პრეტენზია, რაც ქალბატონ მაიას მუშაობასთან დაკავშირებით შეიძლება მქონოდა იყო საქართველოს ბაზარზე ჩინელებისთვის ასე ფართოდ კარის გაღება. ამას არასდროს არ ვეთანხმებოდი. საერთოდ, უცხოელები უნდა მოვიწვიოთ იმიტომ, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დიდი გამოცდილება არ გვაქვს, განსაკუთრებით ისეთ რთულ პროექტებში, როგორიცაა რიკოთის და ჯვრის გადასასავლელები. თუმცა, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ წინაპირობები დავუყენოთ უცხოელებს, იქნებიან ეს ჩინელები თუ ევროპელები. აუცილებელია, რომ მათ მინიმუმ 25%-ში ჰყავდეთ ქვეკონტარქტორად ქართული კომპანია. ამის მიღწევა ვერცერთი მინისტრის პირობებში ვერ მოვახერხეთ. იმედი დავიტოვოთ, რომ ქარსელაძის მინისტრობის პერიოდში ეს ცვლილება მოხდება,“ - აცხადებს ტრაპაიძე.
კითხვაზე, რა ვერ გააკეთა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და რა გამოწვევები ხვდება ირაკლი ქარსელაძეს, ტრაპაიძე განმარტავს, რომ კარგი იქნება, თუ გაიზრდება ინფრასტრქტურული პროექტების მშენებლობის ტემპები და გამოყენებულ იქნეს უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგიები,
„მგონია, რომ ირაკლი ქარსელაძეც ამ ყველაფერს ცუდად არ გაართმევს თავს“-აცხადებს ტრაპაიძე.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში მცირე ცვლილებებია.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.
მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელი რჩება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.