ბიზნესი
21/03/2022

პაატა ბაირახტარი: Gulf Georgia რუსული კომპანიაა, მის 49%-ს "როსნეფტი" ფლობს

„კომპანია Gulf Georgia-ის 49% იანი წილის მფლობელი რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია „როსნეფტია“. შესაბამისად, როგორც „ლუკოილის“ მიერ შეთავაზებული პროდუქტისა და სერვისის შეძენის შემთხვევაში, Gulf Georgia-ის შემთხვევაშიც, ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მომხარებელი აკეთებდეს ინფორმირებულ არჩევანს, რამდენადაც, ფაქტია, ამ შემთხვევაში ქართველი ავტომფლობელი პირდაპირ ხდება რუსული სახელმწიფო გიგანტი კომპანიის დამფინანსებელი", - ამის შესახებ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს. ბაირახტარი კამპანიას „არა რუსულ პროდუქტს" გამოეხმაურა. ანალიტიკოსის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა შევეხმიანო კამპანიას, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დღითი-დღე იკრებს ძალას და რომელსაც „არა რუსულ პროდუქტს“ ქვია.

გარდა პრინციპული ნაწილისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ სამართლიანი კამპანიის ეკონომიკურ-სამართლებრივი მდგენელიც. კერძოდ ის, რომ საზოგადოების აქტიური ნაწილი ერთმანეთს მოუწოდებს, არ წაახალისოს რუსული ეკონომიკა და რუსული წარმოშობის პროდუქცია და სერვისი უბრალოდ ა(ღა)რ მოიხმაროს, ა(ღა)რ  შეიძინოს და ამ გზით შეამციროს აგრესორი რუსეთის ეკონომიკა.

სწორედ აქ გვხვდება ხშირად ორმაგი სტანდარტისა და ერთგვარი შერჩევითი მიდგომების შემთხვევები, რომელთა გამოც აღნიშნული კამპანიის მხარდამჭერი ისე ხდება რუსული პროდუქციის მომხმარებელი, რომ ამის შესახებ თავად არაფერი იცის.

ასეა, მაგალითად ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზეც. ფაქტია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა საწვავი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და დივერსიფიცირებული პროდუქტია ქართველი მომხმარებლისთვის, ამის მიუხედავად ისინი ანგარიშმიუცემლად ყიდულობენ პროდუქტს, რომელში გადახდილი თანხის სოლიდური ნაწილიც რუსული კომპანიის, უფრო მეტიც - რუსული სახელმწიფო კომპანიის აქტივში მიემართება.

ყველამ ვიცით, რომ დღეს ქართულ საწვავის ბაზარზე ოპერირებს რუსული კომპანია „ლუკოილი“ და შესაბამისად, ამ პროდუქტის შეძენა თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალური არჩევანია. თუმცა, არავინ ამახვილებს ყურადრებას, რომ  საწვავის ბაზრის წამყვან ხუთეულში არის კიდევ ერთი დიდწილად რუსული კომპანია. მისი სახელის საერთაშორისო წარმომავლობისა, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს ის წმინდად ქართული ჰგონია. სინამდვილეში მას, უკვე დიდი ხანია, რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტი“ ფლობს.

დიახ, საუბარია, „გალფზე“, უფრო სწორად - Gulf Georgia - ზე.

Gulf Georgia ჯერ კიდევ 2014 წელს შეიძინა რუსულმა სახელმწიფო ენერგოგიგანტმა „როსნეფტმა“.

კერძოდ, „როსნეფტმა“, „პეტროკას ენერჯი გრუპის“ 49%-ანი აქციათა პაკეტი შეიძინა. „პეტროკასი“თავის მხრივ Gulf Georgia-ს მფლობელი გახლდათ. შესაბამისად, „როსნეფტი“ Gulf Georgia-ას მნიშვნელოვანი წილის მფლობელიც გახდა.

ასე რომ, დღეს კომპანია Gulf Georgia-ის 49%-იანი წილის მფლობელი რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია „როსნეფტია“. შესაბამისად, როგორც „ლუკოილის“ სერვისის შეძენის შემთხვევაში, Gulf Georgia-ის შემთხვევაშიც, ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მომხარებელი აკეთებდეს ინფორმირებულ არჩევანს, რამდენადაც, ფაქტია, ამ შემთხვევაში ქართველი ავტომფლობელი პირდაპირ ხდება რუსული სახელმწიფო გიგანტი კომპანიის დამფინანსებელი.

აქ კიდევ ერთი საგულისხმო და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ „როსნეფტი“ არის ის რუსული სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლებია ოპერირებს ოკუპირებულ აფხაზეთშიც, რაც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაც არის.

Gulf Georgia -ის რუსულ მდგენელზე ჩემი ყურადღების გამახვილება ამ დღეებში გავრცელებულმა ერთმა უწყინარმა, უფრო მეტიც - ერთი შეხედვით, პოზიტიურმა „ნიუსმა“ გამოიწვია. ახალ ამბავში საუბარი იყო იმაზე, რომ ქართული საზოგადოების მიერ უკრაინისთვის შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის სატვირთოებით გადაზიდვის საწვავით უზრუნველყოფას Gulf Georgia ახორციელებდა, ცხადია, უსასყიდლოდ, სოლიდარობისა და ქველმოქმედების კონტექსტში...

P.S. უბრალოდ, ვფიქრობ, დიდი უსამართლობაა, როცა საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედი რეალურად რუსული სახელმწიფო კომპანია, უკრაინაში რუსული აგრესიის მსხვერპლთა დასახმარებლად  კამპანიაში მონაწილეობს. მაგალითად, „ლუკოილს“ ამგვარი აქტი (ჯერ) არ ჩაუდენია...

P.P.S. ცინიკურიც კი აღარ არის რუსული საწვავით აავსო უკრაინაში მიმავალი ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ტრაილერები და ეს წარმოაჩინო, როგორც ქართული კომპანიის მხრიდან უკრაინის მოსახლეობისადმი მხარდაჭერა...“, - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.