"ოტიას ეზო" წლის ბოლომდე სასტუმროს გახსნას და კრაფტ ლუდის წარმოების ზრდას გეგმავს
საოჯახო მეურნეობა "ოტიას ეზო" წლის ბოლომდე სასტუმროს გახსნას გეგმავს, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" მეურნეობის დამფუძნებელმა, ოტია იოსელიანმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ფორმალობებია დარჩენილი და სავარაუდოდ, სასტუმრო წლის ბოლომდე გაიხსნება. საოჯახო ტიპის სასტუმრო 3-4 ადგილიანი იქნება,. პროექტში, ჯამურად 30 000 ევროს ინვესტიცია უკვე განხორციელდა.
რაც შეეხება "ოტიას ეზოს" მიერ წარმოებულ კრაფტ ლუდს, იოსელიანი აღნიშნავს, რომ ლუდზე მოთხოვნა მზარდია და შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებამ გაამართლა.
"ლუდსახარშის მიმართულებით ყველაზე მეტად ვართ დატვირთულები. ამჟამად საფერმენტაციო ავზებს ვამატებთ, რის შემდეგაც წარმოების ზრდა იგეგმება.
ამ ეტაპზე თვეში 2000 ბოთლს ვაწარმოებთ, თუმცა საფერმენტაციო ავზების დამატების შემდეგ, მოლოდინი გვაქვს რომ წარმოება 3-4-ჯერ გაიზრდება, რისთვისაც დაახლოებით 30 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ,"-აცხადებს იოსელიანი.
რაც შეეხება ლუდის რეალიზაციას, მისი ძირითადი ნაწილი ქუთაისში იყიდება, თუმცა „ოტიას ეზოს“ ლუდის რეალიზაცია თბილისში, რამდენიმე ლუდის მაღაზიაშიც ხდება.
კითხვაზე თუ როგორ შეაჯამებდა ზაფხულის სეზონს, იოსელიანმა განაცხადა, რომ სხვა მეურნეობები ტურისტების ნაკლებობას უჩიოდნენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ "ოტიას ეზო" ბაზარზე წლებია ოპერირებს, მათთან სტუმარი ყოველთვისაა, რაც წლების განმავლობაში განხორციელებული მარკეტინგული აქტივობებისა და ცნობადობის ზრდის შედეგია.
ცნობისთვის, "ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. ამასთან, ამ დრომდე ოთხი სახის ღვინოს (ჩხავერი,ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ოჯალეში) აწარმოებდა.
რაც შეეხება კრაფტ ლუდს, ამ დროისთვის, მეურნეობაში ხდება როგორც ლუდის ხარშვა, ისე მინის ბოთლებში (330 მლ,550 მლ, 750მლ) ჩამოსხმაც.