ბიზნესი
03/03/2022

ონლაინ ვაჭრობისას განბაჟების 300 ლარიანი ლიმიტი, შესაძლოა, გაიზარდოს 

ონლაინ ვაჭრობისას განბაჟების 300 ლარიანი ლიმიტი, შესაძლოა, 700 ლარამდე გაიზარდოს. ცვლილებას "საგადასახადო კოდექსი" ითვალისწინებს. 

მოქმედი კანონმდებლობით, ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ 300 ლარზე მეტი ღირებულების გზავნილების განბაჟევა სავალდებულოა. განბაჟების ღირებულება კი, ამანათის ღირებულების 18%-ს შეადგენს. 300 ლარიანი ლიმიტი 2009 წელს დაწესდა, როდესაც ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარის კურსის თანაფარდობა აშშ დოლართან მიმართებაში იყო- მაგ. იანვარში 1 აშშ დოლარი - 1.66 ლარი. დეკემბერში 1 აშშ დოლარი 1.68 ლარი. 

ინიციატორები მიიჩნევენ, რომ 700 ლარამდე ლიმიტის გაზრდა თანხვედრაში იქნება საქართველოში არსებულ ლარის კურსის დევალვაციის პროცესთან, ქვეყნის შიგნით სარეალიზაციო პროდუქტის ფასების ზრდასთან და საერთაშორისო სავაჭრო ბაზრის მრავალფეროვან არჩევანთან. 

"კანონპროექტის მიღების შედეგად შემსუბუქდება იმ ადამიანების ფინანსური ტვირთი, რომლებიც იღებენ მცირე ფინანსური მნიშვნელობის საფოსტო გზავნილებს, რაც დღეს არსებული კანონმდებლობით არაგონივრულად ძვირი უჯდებათ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გამარტივდება მცირე მეწარმეებისთვის ბიზნესის წარმოება. მცირე მეწარმეებს არ მოუწევთ ზომაზე დიდი ხარჯის გაწევა პროდუქციის მისაღებად. კანონპროექტის მიღება შეამცირებს მცირე ბიზნესის წარმოების რისკებს, სამომავლო პერსპექტივაში გააჩენს მეტ თვითდასაქმებულ ადამიანს, შექმნის კონკურენტუნარიან გარემოს. გამარტივდება ონლაინ ვაჭრობა, რომელიც უნდა იყოს მოქნილი, მარტივი და ნაკლებ დანახარჯიანი",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან, პარლამენტის წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. 

 

 

Businesspartner