"ოკტოპუს ფიტნეს კლუბი" მუშაობის განახლებისთვის ₾200 000-მდე დახარჯავს
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.
როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.
„სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა განსაკუთრებულად დაზარალებული სფერო ვართ. პრობლემაა ასევე ე.წ კომენდანტის საათი, რადგან ფიტნეს-კლუბში უმრავლესობა სამუშაო საათების შემდეგ მოდის. ამის გამო აქტივობა ბუნებრივია ისეთი არ იქნება, რაც ჩვეულებრივ დროს. კომენდანტის 1-2 საათით გადაწევა ძალიან დაგვეხმარებოდა. ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ მოგებაზე ვიმუშავებთ, არ ველოდებით იმას, რომ დიდი მოთხოვნა იქნება, ამის თქმის საფუძველს ქვეყანაში არსებული მძიმე ფინანსური კრიზისი გვაძლევს. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გახსნის შედეგად შევინარჩუნებთ ბიზნესს და თანამშრომლებს,“ - აცხადებს ასათიანი.
რა ოდენობის ზარალი მიიღო კომპანიამ პანდემიის პირობებში, ასათიანი განმარტავს, რომ ზუსტი რაოდენობის დასახელება ამ ეტაპზე რთულია, თუმცა, ეს აჭარბებს შვიდნიშნა რიცხვს.
„რაც შეეხება ფასებს, გვინდა, საფასო პოლიტიკა შევინარჩუნოთ, ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, რომ გახსნის შემდეგ რამდენად შეძლებს ბიზნესი თავისი თავის შენახვას,“ - აცხადებს ასათიანი.
შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ფიტნეს დარბაზები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დახურულია.