ბიზნესი
17/01/2021

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი: მუშაობის განახლებისთვის 200 000 ლარამდე სესხის აღება მოგვიწევს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“  დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მუშაობის განახლებისთვის ბანკიდან ახალი სესხის აღება მოუწევს, რაც დაახლოებით 100 000-200 000 ლარის ფარგლებში შეიძლება იყოს.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან კომუნიკაცია არ არის, შესაბამისად, უცნობია როდის გეგმავს მთავრობა სპორტული დარბაზების გახსნას. „კარგი იქნებოდა, თუ გარკვეული პერიოდით ადრე გვეცოდინებოდა რას გეგმავს ამ მხრივ ხელისფულება, რადგან გახსნისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება შევძლოთ,“ - აცხადებს ასათიანი.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის "ოქტოპუსის" ქსელში მომუშავე 100-ზე მეტი თანამშრომელი უხელფასო შვებულებაშია.

ასათიანის განცხადებით, სპორტული დარბაზების ბიზნესი ერთ-ერთი სექტორია, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა და რომელსაც არანაირი შეღავათი არ შეხებია, განსხვავებით სხვა სექტორებისა.

„ცოტა საწყენია, რომ ჯერჯერობით არანირი კონკრეტული შეღავათი ჩვენზე არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ 8 თვის განმავლობაში რეალურად სექტორი "ლოკდაუნშია". ჩვენ ალტერნატიული შემოსავლის წყარო, როგორიცაა ონლაინ ვაჭრობა და ასე შემდეგ, არ გაგვაჩნია,“ - აცხადებს გიორგი ასათიანი.

"ოკტოპუს ფიტნეს კლუბი"  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. ის აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით. კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით.