"ოკტოპუს ფიტნეს კლუბი" ეპიდემიოლოგებთან და შრომის ინსპექციასთან შეხვედრას ითხოვს
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი მიესალმება მთავრობის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით რესტორნების გარდა სპორტული ინდუსტრია და კერძო საბავშვო ბაღებიც ისარგებლებენ.
როგორც ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, შექმნილ სიტუაციაში სექტორისთვის ეს დიდი ხელშეწყობაა.
„დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და პროგრამა „აწარმოე საქართველოს“, რადგან ვიცი, რომ ძალიან დიდი შრომა გასწიეს ამ დადგენილების მომზადებაში. დახმარება გულისხმობს დეკემბრის თვიდან 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-იან სუბსიდირებას. მინდა მჯეროდეს, რომ სახელმწიფოს რა რესურსიც აქვს, იმის მაქსიმუმი გააკეთა.
თუმცა, კომპანიები 9 თვეა დახურულები ვართ, ამ ხნის განმავლობაში იმდენად გაზრდილია საბანკო ვალდებულებები დარიცხული პროცენტით, რომ სექტორში საკმაოდ მძიმე მდგომრეობაა. გარდა ამისა, ბიზნესს სესხის პროცენტის გარდა უამრავი ვალდებულება აქვს დარჩენილი, რომელიც 9 თვის განმავლობაში დაუგროვდა. შესაბამისად, როდესაც გახსნა მოგვიწევს, ეს იქნება ნულიდან მუშაობის დაწყება კი არა, მინუსიდან,“ - აცხადებს ასათიანი.
რაც შეეხება გახსნის თარიღს, ასათიანი აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან ამაზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ ყოფილა.
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი მთავრობას ეპიდემიოლოგებსა და შრომის ინსპექციასთან შეხვედრის ორგანიზებას სთხოვს.
„მხოლოდ ასეთ ფორმატში გვექნება საშუალება ავუხსნათ მათ, როგორაა შესაძლებელი უსაფრთხოების წესების დაცვით სპორტული დარბაზების გახსნა. დასავლეთში ფუნქციონირებს ფიტნეს კლუბები, თუნდაც პირბადით. შევთავაზებთ და წარვუდგენთ ამ ინფორმაციას, რათა მოგვეცეს მუშაობის საშუალება. კიდევ ერთელ აღვნიშნავ, ნებისმიერი კომპანიისთვის 9-10 თვე გაჩერება, კოლაფსის ტოლფასია,“ - აცხადებს ასათიანი.
შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ფიტნეს დარბაზები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დახურულია.