ნიკოლოზ გამყრელიძე: ონლაინ გაყიდვებს ფარმაციაშიც დიდი პერსპექტივა აქვს
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ მის ჯგუფში შემავალ სააფთიაქო ქსელებში (ჯიპისი, ფარმადეპო) ონლაინ გაყიდვების მაჩვენებელი მთლიანი საცალო გაყიდვების 1%-ს შეადგენს.
„ბოლო 12 თვეში ონლაინ გაყიდვები მნიშვნელოვანად გაიზარდა. გასული წლის ამ დროს, ონლაინ გაყიდვები ნული ლარი იყო,“ - აცხადებს გამყრელიძე.
რაც შეეხება იმას, თუ არსებობს ონლაინ გაყიდვებში ხარვეზები და რა პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებას, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ხარვეზები ბევრია, დახვეწას საჭიროებს, თუმცა ონლაინ ინდუსტრიას პერსპექტივა საკმაოდ დიდი აქვს.
„რამდენიმე წლის წინ, Glovo, Wolt-ი არ არსებობდა, დღეს კი ბაზარზე დომინირებენ. იგივე იქნება მედიკამენტების მიმართულებითაც, ამას დიდი პერსპექტივა აქვს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ ამ კუთხით ინვესტიციები განვახორციელოთ,“ - აცხადებს გამყრელიძე.
შეგახსენებთ, ”საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ევექსის, სადაზღვევო კომპანია იმედი L-ისა და კომპანია „გეფას“ ფარმაცევტული ქსელების (ჯიპისი და ფარმადეპო) მფლობელია.