ნებისმიერი სავალუტო რყევა ნეგატიურად აისახება ფასებზე - დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
“დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელი ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 2020 წელს ბოლო წლებთან შედარებით ეროვნული ვალუტის 100%-იანი გაუფასურება მოხდა, რაც საბოლოო ჯამში აისახება ფასებზე.
მისი განმარტებით, როგორც ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები, ისე იმპორტიორები ნედლეულის შესაძენად ერთმნიშვნელოვნად ეროვნულ ვალუტაზე არიან დამოკიდებული. შესაბამისად, ნებისმიერი რყევა ნეგატიურად აისახება ფასებზე.
„კონკრეტულად რა პროცენტით შეიძლება გაძვირდეს პროდუქცია ასე თქმა ძნელია. როდესაც ხდება მკვეთრი ვარდნა, ძვირდება საწვავიც. თუ არსებული მდგომარეობა გაგრძელდა, ფასები გადაიხედება,“ - აცხადებს ივა ჭყონია.
მისი განცხადებით, ქვეყანაში მარაგები არსებობს, თუმცა პროდუქციის ფასის ასე განსაზღვრა და შენარჩუნება ძნელია. „მაშინ უნდა ამოინაშთოს და კომპანიამ ახალი პროდუქცია არ უნდა შემოიტანოს. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, როდესაც რიგ კომპანიებს გარკვეულ პროდუქტებსა და ბრენდებზე უარი უთქვამთ სიძვირის გამო. შესაბამისად, ყველა გადადის იაფფასიან პროდუქტზე, რაც რა თქმა უნდა, ბაზარზე უარყოფითად აისახება,“ - აცხადებს ჭყონია.
როგორც “დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელი აცხადებს, დღევანდელი კურსი პანიკის საფუძელს არ იძლევა, თუმცა წინა ისტორია გვახსოვს, კარგის მომცემი არ არის. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ის, რომ ამ პერიოდში გამოვა ლარის ჭარბი მასა, რომელმაც შესაძლებელია ეროვნულ ვალუტას უფრო მკვეთრად დაარტყას.
ივა ჭყონია სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ჩარევის პოლიტიკაზეც საუბრობს და აღნიშნვსა, რომ ინტერვენციები და მარეგულირებლის მხრიდან ჩარევები უნდა გაგრძელდეს.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1081-ით დაიწყო, 11:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1220-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0975 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე, დაპირებისამებრ უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი.სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან 27 აგვისტოს ჩათვლით $329,65 მლნ გაყიდა.