ნავთობიმპორტიორთა კავშირი 2022 წელს ნავთობის კიდევ უფრო გაძვირებას არ გამორიცხავს
ნავთობიმპორტიორთა კავშირი 2022 წელს ნავთობზე ფასების კიდევ უფრო ზრდას არ გამორიცხავს. ამის მიზეზად ეკონომიკის გახსნასა და საჰარო მიმოსვლის გააქტიურებას ასახელებენ.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ გაერთიანების ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, ფასებთან ერთად მზარდია ნედლეულზე მოთხოვნაც.
„ვითარება საკმაოდ რთულია. 2021 წლის დეკემბერში ნავთობზე ფასების შემცირების მიზეზი კორონა ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამოჩენა იყო. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ომიკრონი არ არის ისეთი ძლიერ ვირუსი, როგორსაც ელოდნენ. აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასები ისევ იმატებს, მიზეზი მოთხოვნის ზრდაა, რომელიც თავის მხრივ საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას უკავშირდება. ამ ლოგიკით, თუ მსოფლიოს ახალი პანდემია არ დაემუქრა, რომელიც ნაწილობრივ მაინც ჩაკეტავს ქვეყნებს, ნავთობზე ფასების შემცირება არ ივარაუდება. უფრო მეტიც, შეიძლება მან ზრდა გააგრძელოს“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით 2022 წელს ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება და დღიური მოხმარება რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. სააგენტო ვარაუდობს, რომ გლობალურად დღიური მოხმარება 3.3 მილიონი ბარელით გაიზრდება და 99.5 მილიონი ბარელი იქნება.
ამასთან, ნავთობ მომპოვებელი ქვეყნების გაერთიანება OPEC 2022 წელს ნედლეულის მოპოვების ზრდას არ გეგმავს.