ბიზნესი
20/02/2023

ნატურალური პროდუქტები საოკუპაციო ხაზიდან - ქართულ ბაზარზე "ნატურინო" გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი „ნატურინო“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახის ნატურალურ პროდუქციას სთავაზობს. 

მათ შორის, ხილს და ბოსტნეულს (მხოლოდ ქართული), თხილეულს, ჩირეულს, მწნილეულს. კომპანია ყიდის ისეთ პროდუქტებსაც, როგორებიცაა: ჩურჩხელა, სოფლის კვერცხი, ლობიო და ა.შ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა თამარ კაპანაძემ განუცხადა, „ნატურინოს“ პროდუქტების ძირითადი ნაწილი  გორის რაიონის სოფელ კარბშია წარმოებული და ის  ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია. ამავდროულად, კარბი მაღალმთიან რეგიონს მიეკუთვნება. 

„დღევანდელი პრობლემა - სოფლებიდან მოსახლეობის გადინება, ჩვენს სოფელშიც მწვავედ დგას, სწორედ ეს გახდა საბაბი იმისა, რომ სოფლად წარმოებული პროდუქტის რეალიზაციისთვის შეგვეწყო ხელი. ჩემი ოჯახი წლებია ამ საქმიანობაშია და რეალურად ვიცოდი პროდუქტის მოვლის, შენახვის და ტრანსპორტირების სპეციფიკა, რაც მეხმარება წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის აწყობაში. „ნატურინო“ ორიენტირებულია ჯანსაღი პროდუქტის წარმოებაზე, რომელიც მიწათმოქმედებისგან პირდაპირ მომხმარებელს მიეწოდება“, - აღნიშნა თამარ კაპანაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის მთავარი მიზანია სოფლებში მოყვანილი ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაცია, რათა მათ არ დაკარგონ მდგრადობა. ასევე, მომხმარებელმა მიიღოს ჯანსაღი პროდუქტები მისაღებ ფასად და პროდუქტის ღირებულება არ გაიზარდოს მრავალი გადამყიდველის არსებობის გამო. 

სწორედ ამ მიზნით, როგორც „ნატურინოს“ დამფუძნებელი ამბობს, ამჟამად, კომპანია წარმოებულ პროდუქციას ონლაინ ყიდის. დაინტერესების შემთხვევაში თანამშრომლობს სარესტორნო ბიზნესთანაც. 

ცნობისთვის, კომპანია „ნატურინო“ გასულ წელს დაარსდა და ის სხვადასხვა საფასო კატეგორიის ნატურალურ, ქართულ პროდუქტს აწარმოებს. პროდუქცია  ყველა პირობის გათვალისწინებითაა შეფუთული.

Businesspartner