ბიზნესი
18/10/2021

ნათია თურნავა: ჩვენი სურვილია, ანაკლიაში ევროპელი ან ამერიკელი ინვესტორი შემოვიდეს

მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორად ევროპული, ან ამერიკული კომპანია სურს. თუმცა, პოტენციურ ინვესტორებთან საუბარი ჯერ არ დაუწყია.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, მთავრობას კონსულტირებას კომპანია MTBS უწევს. ამ ეტაპზე კი პროექტი და საინვესტიციო შეთავაზება განახლებულია.

"ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო კონსულტანტები, კომპანია MTBS. მათ ამ პროექტისა და საინვესტიციო შეთავაზების განახლება გააკეთეს. გარკვეულწილად განახლებული სტრუქტურით, სადაც მთავრობის მონაწილეობა შეიძლება მეტად წონადი იყოს. შეიძლება ეს პროექტი ამ თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში უკვე ვეკონტაქტოთ ინვესტორებს. პროექტი არის კომპლექსური. მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორის მხრიდან არის გაჩაღებული, გარკვეული დარტყმა მიაყენა პროექტს. დღეს ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა და ამის მაგივრად ჯერ კიდევ მხოლოდ პროექტი გვაქვს. მეორე მხრივ, ამაში დადებითსაც ვხედავ იმიტომ, რომ უფრო სანდო ინვესტორების მოძებნა იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ინვესტორი ევროპელი, ან ამერიკელი იყოს. თუმცა, შევხედავთ",- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ პორტის ინვესტორ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაუწყვიტა. მიზეზად 2016 წელს კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა.  კერძოდ, ვერ მოიზიდა 120 მილიონი დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ასევე ვერ წარმოადგინა საერთაშორისო ბანკებიდან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე ხელშეკრულებები.

ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ ანაკლიის კონსორციუმმა და მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს. მოსარჩლეები საქართველოს მთავრობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სთხოვენ. კონსორციუმის მხრიდან ზარალის სახით დაანგარიშებული თანხა 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

მოგვიანებით ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორების მოძიებამდე პროექტის ეკონომიკური დასაბუთების განახლების საჭიროებაზე განაცხადა, 2021 წლის მაისში კი გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ კონტრაქტი გააფორმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან (Maritime & Transport Business Solutions B.V.). კონტრაქტის შესაბამისად, კომპანიამ უნდა შეიმუშაოს ახალი მარკეტინგის სტრატეგია და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელი, აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები არ გაჟღერებულა. თუმცა მაშინვე აღინიშნა, რომ ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება 2021 წლის ბოლოს.

Businesspartner