ბიზნესი
30/07/2020

კონსორციუმი საქართველოსგან $1 მლრდ-ს ითხოვს - კომპანიის ადვოკატი სარჩელის საფუძვლებს განმარტავს

საქართველოს ანაკლიის კონსორციუმისთვის პასუხის გაცემა ახლა უკვე ჟენევასა და ვაშინგტონში მოუწევს. შესაბამისი სარჩელები ქვეყნის წინააღმდეგ ორივე ქალაქში უკვე გადაგზავნილია. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინტერესების დამცველი, ქეთი ქვარცხავა სარჩელის მთავარ საფუძვლებს განმარტავს.

„2020 წლის იანვარში სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა. ჩვენი აზრით, მას შემდეგ, რაც თვითონ დაარღვია საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ინვესტიციების მოპყრობის სტანდარტები, რის გამოც ინვესტორმა და კომპანიამ განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი. ამის შემდეგ, მივიღეთ დავალება, რომ განვახორციელოთ სამართლებრივი მოქმედებები და დავიცვათ კომპანიისა და ინვესტორების ინტერესები. ამის შედეგად გუშინ შევიტანეთ ორი საარბიტრაჟო სარჩელი. ერთი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სახელით, ხოლო მეორე ინვესტიციების დაცვისა და საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის, ბობ მეიერის სახელით.

ICC-ში საქმის შეტანა განპირობებულია 2016 წელს სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის დადებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის, მართვისა და გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებიდან, ხოლო ბობ მეიერის მიერ ICSID-ში შეტანილი სარჩელის საფუძველი არის საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის 1998 წელს გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. პირველ შემთხვევაში დავას საფუძვლად უდევს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა. ის განიხილება ჟენევაში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ხოლო მეორე შემთხვევაში დავა განიხილება ვაშინგტონში საერთაშორისო საჯარო სამართლის საფუძველზე. ამ ყველაფრის საფუძველია ასევე ის, რომ საქართველო 90-იანი წლებიდან გახლავთ ICSID-ის წევრი ქვეყანა და ვალდებულია, ჩვენს ქვეყანაში უცხოეული ინვესტორების ინტერესები დაიცვას“,- აღნიშნა იურისტმა.

მანვე დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე დავის დაწყების მიზეზებზეც ისაუბრა.

„ცხადია, ასეთი მნიშვნელობის დავა, როგორც წესი, განიხილება საერთაშორისო ფორუმების მიერ. ისეთების, როგორიც არის ICC და ICSID, რადგან ადგილობრივი სასამართლოების მიერ მსგავსი საქმეების განხილვას თან ახლავს იმის მაღალი რისკი, რომ სასამართლო შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიმართ მიკერძოებული, ხოლო არბიტრაჟში საქმე განიხილება მიუკერძოებელი არბიტრების მიერ. ეს განაპირობებს საქმის მიუკერძოებლად განხილვას. ზიანის თანხა, რომელსაც მოვითხოვთ 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. ეს დათვლილია ბრიტანელი ექსპერტების მიერ. საფუძველი არის ის, რომ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად კომპანიამ განიცადა არა მარტო პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი მატერიალური ზიანი, როგორც ინვესტირებული თანხების სახით, ასევე იმ თანხების სახით, რომელიც პირდაპირი ზიანით მიადგა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ“,- აღნიშნა იურიდიული ფირმა BLC Law Office-ის პარტნიორმა, იურისტმა ქეთი ქვარცხავამ.

Businesspartner