ნათია თურნავა Air Solar-ზე: მზის ენერგიასთან დაკავშირებით კარგი გეგმები გვაქვს
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა Air Solar-ი ექსპორტზე უნდა იყოს ორიენტირებული.
თუმცა, მინისტრის თქმით, მთავრობას მზის ენერგიასთან დაკავშირებით გეგმები აქვს, კარგი კონკურენტული პირობების შემთხვევაში კი, შესაძლოა, პანელები ადგილზე შეისყიდონ.
"Air Solar-ი ექსპორტზე ორიენტირებული უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, ჰქონდეს დიდი ბაზარი, რადგან მისი პროდუქტის კონკურენტუნარიანობა იყოს მაღალი. მზის ენერგიასთან დაკავშირებით კარგი გეგმები გვაქვს. ამ ეტაპზე დაახლოებით 300 მეგავატამდე მზის ენერგიის განვითარების სურვილია. კონკურენტული პირობების არსებობის შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ ქვეყნიდან არ გავა ის თანხა, რაც დანადგარების შესაძენად იხარჯება და ადგილზე მოხდება მისი შეძენა", - განაცხადა ნათია თურნავამ პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.
გერმანულ-ამერიკული კომპანია Air Solar-ი მზის ენერგიის მოდულებს ქუთაისში აწარმოებს. ქარხანა 16000 კვადრატული მეტრი ფართზეა მოწყობილი და აღჭურვილია ავტომატური რობოტიზირებული კონვეირებით, რომლებიც უზრუნველყოფენ 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას.