ბიზნესი
18/02/2021

"ნათელი წერტილი, რომელიც ბიზნესს დასაყრდენის სახით ჰყავდა, გაურკვეველი განცხადებით წავიდა"

დისტრიბუტორთა ასოციაცია გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდს დადებითად აფასებს.

როგორც “ბიზნესპარტნიორთან” გაერთიანების ხელმძღვანელი, ივა ჭყონია აცხადებს, ასოციაციებს პრემიერთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდათ და ის ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული იყო.

„გახარიას დღევანდელი განცხადება ნამდვილად დიდი მოულოდნელობა იყო. ასე თუ ისე, ბიზნესის გარკვეული წრეებისთვის სტაბილურობასთან ასოცირდებოდა. ბიზნეს ასოციაციები მისი პრემიერობის პერიოდში კომუნიკაციის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდიდით. მისი ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში არაერთი საკითხი დადებითად გადაწყვეტილა. შესაბამისად, ის ნათელი წერტილი, რომელიც ბიზნესს დასაყრდენის სახით ჰყავდა, გაურკვეველი განცხადებით წავიდა”,- აცხადებს ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დილით გააკეთა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრება და გუნდთან ამ საკითხზე შეუთანხმებლობა დაასახელა.