საზოგადოება
18/02/2021

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.

გიორგი გახარიამ მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრება და გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. 

გახარიამ განმარტა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება მაშინ როცა არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. 

“გუშინ სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. ეს არის ადამიანი, რომელიც დიდად არასოდეს სცემდა პატივს კანონმდებლობას და რომელიც 20 ივნისს მოქალაქებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი ურყევი პოზიციაა, რომ ერთი ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, პანდემიის, ეკონომიკური კრიზისის, პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზაციის ფონზე, როდესაც ქვეყნის განვითარებას, უსაფრთხოებას და მომავალს რისკები ექმნება, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა ყველა რისკი იქნება გადაზღვეული.

"ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მჯერა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას. პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია საზოგადოებისთვის ცნობილი ბიზნესომბუდსმენის კარიარით გახდა. ამ პოსტზე ის 2013 წელს დაინიშნა, 2016 წელს კი თანამდებობა დატოვა. მას შემდგომ ის იყო ეკონომიკის მინისტრი, ამის შემდეგ კი შს მინისტრი.

პრემიერის პოსტს ის 2019 წლის სექტემბრიდან იკავებდა.