ბიზნესი
14/05/2021

ნატახტარი: HoReCa სექტორის შეზღუდული მუშაობით ლუდის ინდუსტრიამ 20% დაკარგა

ლუდის ინდუსტრია ზაფხულის აქტიურ სეზონს პრობლემებით ხვდება. სასმლის ბაზარზე სეგმენტთა ცვლილებამ კომპანიების შემოსავლები შეამცირა, დაგეგმილი პროექტები კი გადაავადა.

„მიმდინარე წელს 4 თვის მონაცემებით წინა წელთან შედარებით ლუდის ინდუსტრია პრაქტიკულად იგივე დარჩა. ოდნავ შემცირდა. თუმცა, შიგნით კონსტრუქცია შეიცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პანდემიამდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაყიდვის არხი იყო ჩამოსასხმელი ლუდი, ახლა ბაზარი შეფუთულ ლუდზე გადავიდა. ანუ, გაიზარდა საცალო სეგმენტი. ბაზრის ძირითადი ნაწილი თითქოს არ შემცირდა, მაგრამ გადანაწილება მოხდა უფრო დაბალ სეგმენტზე, რასაც პირდაპირი უარყოფითი გავლენა აქვს ლუდის მწარმოებლების შემოსავალზე, შესაბამისად, ახალი პროექტების განხორციელებაზე და რა თქმა უნდა, ბიუჯეტში შესატან გადასახადებზე. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც სეგმენტები შეიცვალა ლუდის ინდუსტრიაში.

ჰორეკა სექტორის შეზღუდული მუშაობის დროს ინდუსტრიის დაახლოებით 20% დაიკარგა. თუმცა ეს გადანაწილდა საცალო ვაჭრობაში, სადაც უფრო დაბალი მარჟები და დაბალი შემოსავალია. ამას ასევე დრო დასჭირდა და ამ ტრანზიტულ გადასვლაში, რა თქმა უნდა, შემოსავალი დაგვაკლდა და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.