ბიზნესი
12/07/2022

ნაკლები ვირტუალური სამყარო და ბავშვური თავგადასავლები - მოლაშქრე ბავშვების კლუბი

ნაკლები ვირტუალური სამყარო და ბევრი ბავშვური თავგადასავალი ბუნებაში - ამ შესაძლებლობას ქმნის მოლაშქრე ბავშვების კლუბი "ფენიქსი". 

როგორც "ფენიქსის" თანადამფუძნებელი ლელა წიკლაური "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, კლუბი 3-დან 12 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ერთ ან ორდღიან საველე გასვლებს აწყობს. 

"ერთდღიანი ლაშქრობა მსუბუქია, ან საშუალო სირთულის. გარკვეულ ადგილამდე ტრანსპორტით მივდივართ, შემდეგ გზას ფეხით ვაგრძელებთ. ვნახულობთ კონკრეტულ ობიექტებს, ვყვებით ისტორიებს, საღამოს პიკნიკია. კოცონის გარშემო საინტერესო ლეგენდებსაც ვყვებით", - აღნიშნა ლელა წიკლაურმა. 

ბავშვებს სხვადასხვა აქტივობა აქვთ - თოკზე სიარული, ბალანსის თამაშები (სლექლაინი), ასევე ზიპლაინი. ექსტრემალურ სიტუაციებში თავიანთ შესაძლებლობებს ცდიან. სწავლობენ ველურ პირობებში თვითგადარჩენის ხერხებს, კარვის აწყობა-დაშლას, წყლის მოპოვებას, ცეცხლის დანთებას. გარდა ამისა, ბავშვობიდანვე აცნობიერებენ, რომ ნაგავი უნდა იყოს ნაგვის ურნაში და არა ბუნებაში. "ფექნისს" აქვს სხვადასხვა საკემპინგე აქტივობაც, სთავაზობენ გუნდურ თამაშობებს, წახალისების მიზნით არის პატარა პრიზებიც. 

ბავშვებისთვის ლაშქრობები ოთხივე სეზონზე ეწყობა.

კლუბს ბუნებაში დაბადების დღის მოწყობის მომსახურებაც აქვს. 

"ფენიქსი" თანამშრომლობს ასევე სკოლებთან და კლასიკური ექსკურისების ნაცვლად სხვადასხვა აქტივობებით დატვირთულ პაკეტს სთავაზობს. 

"დღეს უკვე ბევრი სკოლიდან გვაქვს შეკვეთები", - აღნიშნა ლელა წიკლაურმა. 

ამ ყველაფრის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. განხორციელება ნელ-ნელა, მცირე ბიუჯეტით დაიწყო. თავიდან, როცა შიდა ტურიზმი ვითარდებოდა, კლუბი დიდებისთვის შეიქმნა, შემდეგ პატარებიც დაემატნენ. 

"თავიდან ყველაფერი ცოტა რთული ჩანდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მე ეს შევძელი. 2012 წელს, როდესაც შიდა ტურიზმი ვითარდებოდა, დავიწყე ტურების გაკეთება დიდებისთვის, დაინტერესება იზრდებოდა, რაც სტიმულს მაძლევდა. ნელ-ნელა დავიწყე დახვეწა. ბავშვების მოგზაურთა კლუბი ჩემი შვილის დამსახურებით გავაკეთეთ, რომელიც ფაქტობრივად ლაშქრობებში გაიზარდა. მანამდე გავიარეთ უამრავი კურსები, პირველადი დახმარება, სალაშქრო-სამხედრო საქმე, ბავშვთა ფსიქოლოგია და სხვა. ზოგ ბავშვს მშობელი თან ახლდა, ზოგიც ჩვენ გვანდობდა და დამოუკიდებლად უშვებდა. დროთა განმავლობაში მოგვემატა გამოცდილებაც და ვაქციეთ ეს ყველაფერი ოჯახურ ბიზნესად. ფინანსურად მცირე ბიუჯეტით დავიწყეთ, ჩვენი სახსრებით შევიძინეთ ინვენტარი, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, ჩვენი დანაზოგით გამოვიწერეთ უცხოური საიტებიდან სლექლაინი, ზიპლაინი, კარვები, ჰამაკები და სხვა საჭირო ნივთები. პირველივე გასვლის შემდეგ მიხვდდით რომ იყო დიდი ინტერესი და უნდა გაგვეგრძელებინა ეს საქმე. ნელ-ნელა გზადაგზა ვამატებდით სხვადასხვა აქტივობებს და მსურველიც მეტი შემოვიკრიბეთ, გაჩნდა პროდუქტი, გაჩნდა მომხმარებელიც და გაჩნდა დიდი ნდობაც", - აღნიშნა ლელა წიკლაურმა. 

სამომავლოდ კლუბი სხვა აქტივობების დამატებასაც აპირებს, როგორიცაა კლდეზე ცოცვა, სპორტული თევზაობა. 

"გეგმაში გვაქვს გრანდიოზული ბანაკების მოწყობა. თუ ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც ვგეგმავთ, გვინდა საერთაშორისო ბანაკებიც გავაკეთოთ",- ამბობს ლელა წიკლაური. 

 

Businesspartner