ბიზნესი
12/05/2021

ნადი გრუპი: ლოკოკინების ნახევარფაბრიკატებით ფრანგები დაინტერესდნენ

ხობში, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის პროექტირებაზე მუშაობა 2 თვეში დასრულდება. როგორც კომპანია „ნადი გრუპის“ დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მას შემდეგ, რაც პროექტირება დასრულდება და გაიცემა სამშენებლო ნებართვა, ქარხნის მშენებლობაც დაიწყება.

ნადარაია აცხადებს, რომ ეს პროცესი აქამდეც დასრულდებოდა, რომ არა პანდემია. მისივე მტკიცებით, სამშენებლო პროცესის დაწყება და დასრულება უკვე ეპიდემიოლოგიურ მხარეზე იქნება დამოკიდებული.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილია იტალიელი ინვესტორების ვიზიტიც. როგორც ნადარაია აცხადებს, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატებით დაინტერესებულია საფრანგეთი.

„ნადი გრუპი“ ხობში ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ქარხანა 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება. პროექტი ითვალისწინებს ლოკოკინის ხორცის გადამუშავებას, ესკარგოების წარმოებასა და ექსპორტზე გატანსა. ნადარაია აცხადებს, რომ წარმოებული პროდუქციის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.

კომპანიის საკუთრებაშია 6 ჰექატრზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა, სადაც წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინის ხორცი იწარმოება. ევროპის ბაზარზე ამ დროისთვის 1 კგ ლოკოკინის ფასი 3-5 ევროა.

„ნადი გრუპი“ ფარმაცევტული  და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიებისთვის საჭირო  ნედლეულის წარმოებასაც გეგმავს. საუბარია, ლოკოკინის ლორწოზე, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს. 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ გასულ წელს შეიქმნა. ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით 1,260,000 ლარი მიიღო.

ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს. გასული წლის შემოდგომიდან კომპანიამ ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში დაიწყო.