ბიზნესი
14/05/2021

"ნადი გრუპი" ლოკოკინების ჩინეთში ექსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინები შესაძლოა ექსპორტზე ჩინეთში გავიდეს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში მდებარე ლოკოკინების ღია ფერმის, კომპანია „ნადი გრუპის“ დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა, ამ დროისთვის  მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული და თუ ყველაფერი დადებითად გადაწყდა, ჩინეთში  ლოკოკინის ხორცის პირველი პარტია წლის ბოლოსთვის გავა.

„ჩვენი პარტნიორები ჩინეთიდან აპირებენ ივნისის ბოლოსთვის ჩამოსვლას. სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ დაზუსტდება ექსპორტის რაოდენობაც,“ - აცხადებს ნადარაია.

მისი ინფორმაციით, საწარმოს საქმიანობაზე პანდემია განსაკუთრებით მძიმედ არ ასახულა.

კომპანია „ნადი გრუპის“ მიერ წარმოებული ლოკოკინას ხორცი უკვე მეორე წელია იტალიაში ექსპორტზე გადის, წლიურად 50 ტონა.

„ახლა პარტნიორი ფერმერები დაგვეხმარებიან წარმოების გაფართოებაში. ფერმები კონკრეტული ფერმერების ინვესტიციით არის დაფუძნებული. წლის ბოლოს იტალიაში 100 ტონამდე ლოკოკინის ხორცი გავა,“ - აცხადებს ნადარაია.

კომპანიის საკუთრებაშია 6 ჰექატრზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა, სადაც წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინის ხორცი იწარმოება. დღეს  ევროპის ბაზარზე 1 კილოგრამი ლოკოკინის ფასი 3-5 ევროა.

„ნადი გრუპი“ ფარმაცევტული  და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიებისთვის საჭირო  ნედლეულის წარმოებასაც გეგმავს. საუბარია, ლოკოკინის ლორწოზე, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს. 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპმა“ გასულ წელს შექმნა. ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით 1,26 მლნ ლარი მიიღო.

ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს. 2019 წლის შემოდგომიდან კომპანიამ ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტი იტალიაში დაიწყო.