ბიზნესი
30/03/2023

"მუმინი" ბავშვის ჩანთების და აქსესუარების წარმოებას იწყებს

ნატურალური ტყავის ჩანთებისა და ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „მუმინი“ კოლექციაში ბავშვის ხაზს ამატებს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის ხელმძღვანელმა, მაკა ჯეირანაშვილმა  განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბავშვის ხაზი სარეალიზაციო ქსელში 1 კვირაში  ჩაეშვება, რომელიც  ჩანთებს, ცხოველების გამოსახულებით და 5 სახეობის სხვადასხვა აქსესუარს მოიცავს. 

კომპანია პროდუქციის დასამზადებლად ძირითადად თურქულ ნედლეულს იყენებს, თუმცა, უარს არ ამბობს იტალიური და ქართული ტყავის გამოყენებაზეც.  

ჯეირანაშვილი განმარტავს, რომ  ნელდლეულზე ფასი წინა პერიოდებთან შედარებით გაზრდილია, რაც ვალუტის არასტაბილურობით იყო გამოწვეული, თუმცა იმისდა მიუხედავად, რომ ვალუტა დასტაბილურდა, ნედლეულზე ფასი არ შემცირებულა.

„პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ონლაინ გაყიდვების საშუალებით ვახდენთ, თუმცა, კოლექციიდან რამდენიმე მოდელი თბილისშია განთავსებული, ერთ-ერთ მაღაზიაში. აქსესუარების შეძენა სხვადასხვა საფასო კატეგორიაშია შესაძლებელი, რომლის ფასი 40 ლარიდან 280 ლარამდე მერყეობს," -აღნიშნავს ჯეირანაშვილი.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, მომხმარებელი ძირითადად არჩევანს უნისექს „მინი“ ჩანთებზე აკეთებს, იქიდან გამომდინარე, რომ მისი დიზაინი ორიგინალურობითა და განხვავებულობით გამოირჩევა.

ამ ეტაპზე ბრენდი  ორიენტირებულია ქართული ბაზრის ათვისებაზე, ამიტომ,  კომპანია მალე საკუთარ მაღაზიას თბილისში გახსნის, რაზეც სხვა დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

შეგახსენებთ, ნატურალური ტყავის ჩანთებისა და ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „მუმინი“ პანდემიის პერიოდში შეიქმნა და მომხმარებელს ნატურალური ტყავის, ზამშის და ქსოვილის კომბინაციით დამზადებულ ჩანთებს და აქსესუარებს სთავაზობს.

Businesspartner