ბიზნესი
20/09/2021

"მწვანე ზონის" რესტორნებში ივენთები უნდა დაუშვან - რესტორატორთა ასოციაციის მოთხოვნა 

რესტორატორთა ასოციაცია "მწვანე ზონის" რესტორნებისთვის გარკვეული რეგულაციებისგან გათავისუფლებას მოითხოვს. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ მათ იმ რესტორნებისგან განსხვავებული პირობები უნდა ჰქონდეთ, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ. 

როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რესტორნებს ბევრი რეგულაცია აქვთ დაწესებული, რომელიც სამუშაო პროცესს აფერხებს. თუმცა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საკოორდინაციო საბჭოს დაწესებული 22:00 საათამდე მუშაობის გახანგრძლივება. 

"შეზღუდვები არის მაგალითად რესტორნის შიდა და გარე სივრცეში ადამიანების რაოდენობაზე. სავალდებულოა მაგიდებს, სკამებს შორის დაშორებები. რეგულაციები ბევრია, რომელიც სამუშაო პროცესს გარკვეულწილად აფერხებს. თუმცა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო საათების გაზრდა, რომელიც ბიზნესის მართვას აფერხებს. დანარჩენი თუ მოიხსნება... ამის საფუძველი ის არის, რომ ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს "მწვანე ზონა", რომელიც ფიქრობს საზოგადოების უსაფრთხოებაზე და ის, ვინც არაფერზე ფიქრობს", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 

მისი თქმით, "მწვანე ზონის" რესტორნებში, სადაც მხოლოდ ვაქცინირებულები, ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე ადამიანები იქნებიან, ქორწილები და სხვა ივენთები უნდა დაუშვან. 

"ამ ეტაპზე ერთ მაგიდასთან 6 ადამიანი დაიშვება, მაგიდებს შორის დაშორება უნდა იყოს 2 მეტრი. გარეთ სივრცეში მხოლოდ 12 ადამიანია შესაძლებელი. არ შეიძლება ივენთების მოწყობა, დაბადების დღეების გადახდა. ამ ვითარებაში "მწვანე ზონისთვის" ეს შესაძლებლობები დაშვებული უნდა იყოს", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მთავრობის ბრძანებით რესტორნებს ახალი რეკომენდაციები დაუწესდათ:

ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, რესტორნებმა მომხმარებელთა მიღება უნდა უზრუნველყონ წინასწარ დაჯავშნის სისტემის გამოყენებით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი (იურიდიული პირის წარმომადგენელი), მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ, დისტანციის დაცვით. თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია მოცდის პროცესის განხორციელება დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებით და დისტანციის დაცვით. 

წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმრებისთვის ადგილი - იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით. 

უპირატესობა უნდა მიენიჭოს უნაღდო ანგარიშსწორებას. 

ღია სივრცეში მაგიდები უნდა განლაგდეს შემდეგი მოთხოვნის გათვალისწინებით: 

მომხმარებელთა მაგიდებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული. სკამებს საზურგეებს შორის, 1 მეტრი.  

1 მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არა უმეტეს 12 მომხმარებელი. დამატებით გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება. 

2 მეტრიანი დისტანციის დაცვა თუ ვერ ხერხდება, დროებითი დამცავი ბარიერი უნდა გამოიყენონ. 

რაც შეეხება შიდა სივრცეს, დარბაზში მაგიდებს შორის დაშორება უნდა იყოს 2 მეტრი. ერთ მაგიდასთან განთავსებული მომხმარებლებს შორის 1 მეტრიანი დისტანცუა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. 

ერთ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არა უმეტეს 6 მომხმარებელი, 12 წლამდე მოზარდის შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება. 

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია  გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.

რესტორნებმა სტუმრებს ბეჭდური, ერთჯერადი მენიუ უნდა შესთავაზონ. 

გამოიყენება მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად იზღუდება მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია მოხმარების შემდგომ მოსახერხებელი იყოს.