მთავრობა მმართველობითი სტრუქტურის შეცვლას "საქართველოს ფოსტაშიც" გეგმავს
სახელმწიფო საწარმოებში დაგეგმილი რეფორმა "საქართველოს ფოსტასაც" შეეხება.
საგანგებოდ შექმნილ სამუშაო ჯგუფთან კომპანიის რეფორმირებაზე შეხვედრა პრემიერთან გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს, როგორც საქართველოს ფოსტის მიმდინარე აქტივობა, ასევე შესაძლო გეგმები, რა ფორმით შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ფოსტაზე სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რათა გაიზარდოს მისი მართვის ეფექტურობა და განხორციელდეს კერძო ინვესტიციები.
შეხვედრაში პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდნენ.
როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორის გენერალური დირექტორი ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებდა, რომ "საქართველოს ფოსტის" ნაწილობრივი პრივატიზება უნდა განხორციელდეს.
"საქართველოს ფოსტას" 2019 წელს 90 მლნ ლარის შემოსავალი და 87 მლნ-ის ხარჯი ჰქონდა. კომპანიამ გასული წელი 3 მლნ-ის მოგებით დახურა, რაც ბოლო წლებში მაქსიმალური მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების დაწყება ცოტა ხნის წინ დაანონსა. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ხელმძღვანელობს.
პირველი სახელმწიფო საწარმო, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა დასახელდა. კომისიამ განიხილა უკვე საქართველო რკინიგზის საკითხიც, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.