ფოტო: smallbiztrends.com
ბიზნესი
27/12/2021

მთავრობა მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით 4 რეგიონში ახალ პროგრამას დაიწყებს

მთავრობა 2022 წლიდან მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ახალ პროგრამას დაიწყებს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ერთად 4 საპილოტე რეგიონია შერჩეული, ესენია: იმერეთი, კახეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი. ძირითადად დაფინანსება ევროკავშირის მხრიდან იქნება. 

მინისტრის თქმით, პროგრამის მიხედვით, მოხდება იმ ეკონომიკური ინიციატივების ფინანსური ხელშეწყობა, რომელიც ექნებათ არსებულ საწარმოებს, დაფინანსება შეეხება ახალი საწარმოების შექმნასაც.

კერძოდ, ახალი პროგრამით, ბიზნესები შეღავათიანი კრედიტით ისარგებლებენ, განსაზღვრულია 300 000 ლარიდან 1 მლნ ლარამდე სესხების პროცენტის თანადაფინანსება 2 წლის ვადით. აგრეთვე, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი კომპონენტია დამატებით საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება იყოს სესხის ოდენობის მაქსიმუმ 60%, საგრანტო თანხა კი, იქნება მაქსიმუმ 600 000 ლარი. 

"ეს მნიშვნელოვანი სტიმულია, რომ შერჩეულ რეგიონებში მოხდეს ზოგადად მეწარმეობის ხელშეწყობა. ეს მოიცავს სასურსათო მიმართულებებსაც, თუმცა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა ეკონომიკურ ინიციატივებს. რა თქმა უნდა არის გამონაკლისები - კერძოდ, ეს არ უნდა მოიცავდეს აზარტულ თამაშებს, არ შეეხება საფინანსო მომსახურებას. ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება, რადგან ეს ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ისედაც მხარდაჭერილია. ამ შემთხვევაში საუბარია ახალი საწარმოების შექმნაზე, ან არსებული საწარმოების გაფართოება -მოდერნიზაციაზე",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მისი თქმით, პროგრამის ბიუჯეტი 15 მლნ ევროზე მეტია, მაგრამ ის განაწილებულია წლებში და რამდენიმე მიმართულებით. 

"ამ პროექტის განმახორციელებელია რამდენიმე სამინისტრო. ჩვენთან ერთად ამ პროექტს ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო", - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.