მთავრობა ღვინის კომპანიებს მარკეტინგულ ღონისძიებებს ნაწილობრივ დაუფინანსებს
მთავრობა ღვინის კომპანიებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ეს არის საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც წლის განმავლობაში 1 კომპანია 600 000 ლარის დაფინანსებას მიიღებს.
მინისტრის განმარტებით, პროექტი ითვალისწინებთს ე.წ. სავაჭრო მარკეტინგის ღონისძიებების დაფინანსებას, საგრანტო თანადაფინანსებას ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის.
“პროგრამა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში და საექსპორტო გაყდვების ზრდას.
მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას ყველა იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო გავა, გამოკლებით დსთ-სა და საქართველოსი. ბუნებრივია, საქართველოში რეალიზაციას პოპოულარიზაციაში ხელშეწყობა არ სჭირდება, ამას ახერხებენ კომპანიები. ჩვენი მიზანია საექსპორტო გაყიდვების წახალისება და გაზრდა. მარკეტინგული ღონისძიებების ბიუჯეტი 1 კომპანიისთვის განისაზღვრა წლის განმავლობაში 600 000 ლარით. თუმცა, ეს არის საწყისი, საპილოტე ვერსია, შემდგომში შეიძლება სახლემწიფომ კიდევ უფრო მეტი თანხა გამოყოს, იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება. ამავე დროს ეს დაკავშირებულია პირდაპირ გაყიდვების ზრდასთან, წინა წელთან შედარებით ეს ნაზრდია ამოსავალი წერტილი.
ჩვენ არ გინდა რომ კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ჩაანაცვლონ თავიანთი მარკეტინგული აქტივობები, კიდევ ერთი კრიტერიუმი გულისხმობს იმას, რომ მათ უნდა გაზარდინ არსებული მარკეტინგული ბიუჯეტები და ესეც რა თქმა უნდა აუდიტის მიერ დადასტურდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, პროექტის დიზაინი შეთანხმებულია ღვინის მწარმოებელთა ასოციაციასთან, შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან, სადაც კონკრეტული პირობები შეაჯერეს.
“საქართველოს მთავრობა ღვინის პოპულარიზაციას ახორციელებს წლების განმავლობაში. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ღვინის პოპულარიზაციის დაფინანსება 2013 წლიდან. გასამმაგდა ბიუჯეტი.
დღეისთვის 9-10 მილიონი ლარია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი, რომელსაც რეალურად ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო შერჩეულ სამიზნე ბაზრებზე.
კვლევის შედეგად შეირჩა კონკრეტული მიმართულებები, სადაც გვყავს წლების განმავლობაში არჩეული ყველაზე გამოცდილი, კომპეტენტური ღვინის სფეროში წარმატებული მარკეტინგული კომპანიები, რომლებიც მარკეტინგულ კომუნიკაციას უზრუნველყოფენ. აგრეთვე კონკრეტული გავლენიანი ღვინის კრიტიკოსები, ინფლუენსერები, ღვინის მაგისტრები თუ ღვინის მასტერსომელიები, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ზრუნავენ წლების განმავლობაში, ეს ადამიანები კარგად გაცნობიერებულები არიან ქართული ღვინის სპეციფიკაში, შესაბამისად, შეიქმნა უამრავი სხვადასხვა მასალა, სხვადასხვა ენაზე იმ მიზნობრივ ბაზარზე და მუდმივად ხდება ქართულ ღვინოზე ინფორმაციების გავრცელება სამიზნე ბაზრებზე, ისეთებზე, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, დაემატა ბალტიის პირეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ა.შ.
თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ ქართული ღვინო გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და ეს პირდაპირ აისახოს ქართული ღვინის კომპანიების წარმატებებში, რაც საბოლოოდ მთლიანად ინდუსტრიის წარმატება იქნება, აგრეთვე ჩვენი მევენახე-ფერმერებისაც. სწორედ ამიტომ, დადგა ეტაპი ქართული ღვინო ე.წ. ნიშური სეგმენტიდან ახალ ბაზრებზე გადავიდეს, რეალურად საყოველთაო ხელმისაწვდომ კატეგორიაში - ქართული ღვინო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ძირითადი გაყიდვის არხებში, ისეთები როგორიცაა ე.წ. ონტრეიდი, იგივე მომსახურების ჰორეკა სექტორი, ან ქსელური მაღაზიები.
მნიშვნელოვანია, კონკრეტული სავაჭრო მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსება, რასაც ქართული ღვინის კომპანიები აკეთებენ, თუმცა არა იმ მასშტაბით და ვერ აკეთებენ ალბათ იმიტომ, რომ ამას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები სჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ საგრანტო თანადაფინანსება იმ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო უკვე წარმოდგენილია, თუმცა ჯერ კიდევ არ გვაქვს მიღწეული იმ მდგომარეობისთვის, რასაც ჩვენ ვგეგმავთ. ქართულმა ღვინომ უნდა დაიმკვიდროს მნიშვნელოვანი ადგილი იმ ცნობილ მწარმოებლებს შორის, რომლებიც ღვინის ცნობილი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები არიან, მათ შორის იგივე ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნების ღვინო ხელმისაწვდომია ევროპის ყველა ბაზარზე, ასევე ევროპული ცნობილი მწარმოებლების ღვინოები ხელმისაწვდომია აშშ-სა თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. სწორედ ასეთ კატეგორიაში უნდა გადავიდეს ქართული ღვინო“,- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ქართული ღვინო 60 ქვეყანაში იყიდება.
“2020 წლის მონაცემებით ექსპორტი განხორციელდა 60 ქვეყანაში, 2019 წელს იყო 53 ქვეყანა. 341 კომპანიამ განახორციელა ექსპორტი 2019 წელს. 2020 წელს მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდა -376 კომპანიაა, რომლებიც ექსპორტს ახორციელებდნენ ოფიციალურად.
დღეს ჩვენ მივაღწიეთ თითქმის 100 მილიონიან ნიშნულს. 100 მილიონი ბოთლი წელიწადში - ეს არის 2021 წლის საპროგნოზო მონაცემები“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.