მსოფლიო ტენდენციის მსგავსად, ელექტრომობილები საქართველოშიც იაფდება
მსოფლიო ტენდენციის კვალდაკვალ, ელექტრომობილები საქართველოშიც გაიაფდა. მაგალითისთვის, საქართველოს ბაზარზე ერთერთ ყველაზე მოთხოვნად Model 3 -ის ახალი ავტომობილი ერთი წლის წინ თუ 52 ათასი ევრო ღირდა, დღეს ანალოგიური მოდელის ახალი ავტომობილის ფასი 40 ათასი ევროა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში კომპანია „იმერი ავტოს“ დამფუძნებელმა კახა ჩინჩალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფასების კლების მიზეზი ელექტრომობილების ბაზარზე კონკურენციის ზრდაა. მაგალითად, კახა ჩინჩალაძე ასახელებს „ვოლკსვაგენის“ ელექტრომობილებს, რომლებზეც ქართულ ბაზარზე, „ტესლას“ მსგავსად, მოთხოვნა მზარდია, თუმცა სტატისტიკას, თუ რამდენ ელექტრომობილს ყიდის კომპანია თვეში, „იმერი ავტოს“ დამფუძნებელი არ ასახელებს.
მისი თქმით, მისი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრომობილების სხვადასხვა მოდელს, ფასები კი 19 ათასი დოლარიდან იწყება და 250 ათას დოლარამდე ადის, თუმცა ასეთ ძვირადღირებულ მოდელზე შეკვეთა ჯერ არ მიუღიათ.
„ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს „ტესლას“ „მოდელი 3“ და იგივე კლასის „ვოლკსვაგენის“ მოდელი, რომელთა ღირებულება 40 ათასი ევროა. მყიდველები სხვადასხვა ასაკის ადამიანები არიან, რომლებსაც სურთ თანამედროვე, ეკოლოგიური ავტომობილის ფლობა. დადგენილია, რომ 50 ათასი კილომეტრის გარბენზე ელექტრომობილების მფლობელს საწვავზე 15 ათასი ლარი ეზოგება, რადგან ამ მანძილზე სწორედ ამდენი ხარჯია საჭირო შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილისთვის, რომელიც კილომეტრზე საშუალოდ 8 ლიტრ საწვავს წვავს. საქართველოში მთავარი პრობლემა სწრაფი დამტენების ნაკლებობაა. ქალაქების მასშტაბით ასეთი დამტენების საჭიროება არაა, თუმცა მაგისტრალებზე მათი არსებობა აუცილებელია. ამ ეტაპზე ასეთი მხოლოდ 6 დამტენია და სწორედ ეს საკითხი აფერხებს ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას, თუმცა დროთა განმავლობაში, როცა ელექტრომობილების პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება, ელექტროდამტენების სერვისის განმახორციელებელი კომპანიებიც უფრო განავითარებენ ამ ინფრასტრუქტურას,“- აცხადებს ჩინჩალაძე.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურის გარდა, ელექტრომობილების ბაზრის განვითარებისთვის რაიმე სერიოზული პრობლემა არ არსებობს, მათ შორის არც სერვისის და ავტონაწილების კუთხით. ამასთან, მისი განმარტებით, ელექტრომობილები მათი მახასიათებლების გამო, შეკეთებას ძალიან იშვიათად საჭიროებს.
ცნობისთვის: The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ილონ მასკის კომპანიამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მთელ მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის - 466 140 ავტომობილი გაყიდა. შესაბამისად, ელექტრონული მანქანების ამერიკულმა მწარმოებელმა აღნიშნულ პერიოდში გლობალურ ბაზრებზე მიწოდება 83%-ით გაზარდა. გამოცემა წერს, რომ ასეთი ზრდა გამოწვეულია ელექტრომობილების ფასების სწრაფი კლებითა და დიდი ფასდაკლებებით, რაც ელექტრომობილების ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებითაა განპირობებული.
ინვესტორთა ნაწილს მიაჩნია, რომ Tesla-ზე ფასების შემცირება პიკურ მაჩვენებელს მეორე კვარტალში მიაღწევს.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ ეტაპზე 3300 ელექტრომობილია, რაც ერთი წლის წინა წლის მაჩვენებელს 27%-ით აღემატება.