ბიზნესი
09/02/2023

"მსხვილი სუპერმარკეტები თანხას დაგვიანებით გვირიცხავენ" - რა აფერხებს პესტოს წარმოებას

გაძვირეული ნედლეული და მსხვილი სუპერმარკეტების მხრიდან დაგვიანებული ჩარიცხვები - ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რომლებიც საქართველოში პესტოს წარმოებას აფერხებს. როგორც კომპანია „დღეს პესტოს“ დამფუძნებელი ნინა ქარაზანიშვილი აცხადებს, არსებული პრობლემების გამო, კომპანიას გარკვეული პერიოდი წარმოების შეჩერება მოუწია.

„ჩვენთვის, მცირე მეწარმეებისთვის ძალიან რთულია, როდესაც დამოკიდებული ხარ მსხვილ ბიზნესზე, რომელიც თანხის ჩარიცხვას გიგვიანებს. გვქონია შემთხვევები, როდესაც მსხვილ სუპერმარკეტებს ნახევარი წლის ნავაჭრი 1 წლის შემდეგ ჩაურიცხავთ. ამიტომ, ეს ყველაფერი განვითარებასა და ინვესტირებაში ხელს გვიშლის. გარდა ამისა, გამოწვევად გვექცა რუსეთ-უკრაინის ომიც. გაგვიძვირდა ნედლეული, რომლის იმპორტსაც ვახდენდით. ამიტომ, მოგვიწია პროდუქტის გაძვირება - პესტო ისედაც ძვირად ღირებული პროდუქციაა და თუ აქამდე 1 ქილა პესტო 10 ლარი ღირდა, ახლა 15 ლარი ღირს," - აცხადებს ნინა ქარაზანიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად „დღეს პესტო“ მცირე რაოდენობის პროდუქტს აწარმოებს და მის რეალიზაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ახდენს, თუმცა, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს სავაჭრო ქსელებთან, სადაც ადგილობრივი წარმოების პესტო მალე დაბრუნდება.

შეგახსენებთ, „მიეცით ახალი გემო ცხოვრებას!“ – ეს მთავარი სლოგანია კომპანიის „დღეს პესტო“, რომელმაც ქართულ ბაზარზე საქმიანობა 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მომხმარებელს  ჯანსაღ, სრულიად ნატურალურ და გემრიელ პროდუქტებს სთავაზობს.

დღეისათვის, „დღეს პესტო“ 4 ტიპის პესტოს აწარმოებს, ესენია: ბაზილიკის პესტო პარმეზანით, ბაზილიკის პესტო ვეგანური, პესტო ნადუღით და ნიგვზით და პესტო ბადრიჯნით და ნიგვზით.

 

Businesspartner