ბიზნესი
23/07/2020

მშრალი ხილის ქართული კომპანია "გემუანი“ Nestle-ს პარტნიორი გახდა

სამეგრელოში, მშრალი ხილის მწარმოებელი კომპანია „გემუანი“ შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია Nestle-ს მიმწოდებელი და პარტნიორი ხდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ნონა თორდიამ განუცხადა, „გემუანმა“ დააკმაყოფილა  მულტინაცოიონალური კომპანიის  ყველა მოთხოვნა. მათ შორის, ხარისხის, IFS სერთიფიკატი, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესია კვების მრეწველობაში.

„გემუანმა“ გაიარა შვეიცარიული, ტრანსნაციონალური კომპანიის აუდიტიც, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ „გემუანი" Nestle-ს რუსეთის ფილიალს ინგრედიენტებით მოამარაგებს.

„ეს დიდი წარმატებაა, „გემუანი“ უკვე ჩანს Nestle-ს სათავო ოფისის ბაზაში, შესაბამისად, ნებისმიერ დროს შესაძლებელია კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნიდან ახალი შეკვეთა მიიღოს,“ - აცხადებს თორდია.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში იმ რაოდენობის ნედლეული, რომ Nestle-ს მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თორდია განმარტავს, რომ ამაზე ამ ეტაპზე პრობლემა არ იქმნება. კომპანია პროდუქციას ადგილობრივი  ფერმერებისგან იბარებს.

„გემუანი“ ბაზარზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. პირველი, რითეილისთვის, სადაც კომპანიის წარმოებული ხილის ჩიფსები იყიდება. საუბარია, ეკოლოგიურად სუფთა, დაახლოებით 30 სახეობის პროდუქტზე. თორდიას განცხადებით, „გემუანი“ თუ აქამდე ჩიფსებს მინის ქილის შეფუთვით ყიდიდა, 1 თვეში პროდუქტი  სარეალიზაციო ქსელში სპეციალური პარკებით  გაიყიდება.

მეორე მიმართულებაა ინდუსტრიული ინგრედიენტების მომზადება, რომლის მიწოდებაც, როგორც ნედლეულის, მწარმოებელ კომპანიებთან ხდება. „ვთანამშრომლობთ ჩაის კომპანიებთან, რომლებიც მოიხმარენ ჩვენს პროდუქტს როგორც დანამატს. ასეთია მაგალითად, ჩაის მწარმოებელი კომპანია „მანა“, ასევე ვთანამშრომლობთ შოკოლადის მწარმოებელ კომპანიებთან, HoReCa  სექტორთანაც“, - აცხადებს თორდია.

ამ ეტაპზე „გემუანის“ პროდუქციის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე იგზავნება რუსეთში, ჩეხეთში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც.

სუბლიმირებული ხილის საწარმო „გემუანი“  2011 წელს დაარსდა და მის მფლობელობაშია 100 ჰა-მდე საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, სადაც მდებარეობს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო. უშუალოდ ხილის გადამამუშავაბელი საწარმო 2017 წლიდან ფუნქციონირებს. 

 

 

Businesspartner