"მშენებლობის პროცესში ხშირად უხარისხო ამწეებს იყენებენ, რაც საფრთხეს ქმნის"
„ჩვენს ქვეყანაში, ხშირია შემთხვევები, როდესაც მშენებლობის პროცესში უხარისხო ამწეებს იყენებენ, რაც საფრთხეს ქმნის“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“კომპანია „ე-ბილდვეის“ დამფუძნებელმა ნინო გიორგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, არა ევროპული სტანდარტის კოშკურა ამწეების გამოყენება საშიშია როგორც მშენებლობაზე დასაქმებული პირებისთვის, ისე რიგი მოქალაქეებისთვის.
„იყო რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც ამწე ჩამოიშალა და ცხადია, ეს ყველაფერი ქუჩაში გამვლელებისთვისაც საფრთხის შემცველია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხარისხიანი კოშკურა ამწეების დეფიციტია.
ეს პროდუქტი საქართველოში საერთოდ არ იწარმოება და სრულად ხდება მისი იმპორტი. ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს არანაირი რეგულაცია კოშკურა ამწეების შემთხვევაში, ხშირად ხდება, რომ იმპორტიორებს უხარისხო და დაბალფასიანი ამწეები შემოაქვთ, რომლებიც მშენებლობის პროცესში გამოიყენება. არსებობს მათი ჩამოშლის რისკები, ვინაიდან მძიმე სამშენებლო მასალების ატანა მაღალ სართულებზე ხდება," - აღნიშნა ნინო გიორგაძემ.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტიცაა, რომლებიც სამშენებლო კომპანიებს სწორ ინჟინრულ გადაწყვეტილებებს შესთავაზებენ .
როგორც ნინო გიორგაძე ამბობს, „ე-ბილდვეი“ უახლოეს მომავალში გეგმავს სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმუშაოს და ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯებიც უკვე გადადგა.
„ვაპირებთ, ევრო სტანდარტების დანერგვის ადვოკატირებას და ძალიან სერიოზულ მუშაობას ამ საკითხზე, ვინაიდან, ეს რეალურ პრობლემას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, მიმდინარე თვეს, ვაკეში, კერძოდ - ბაგებში დაშალეს ამწე, რომელიც შენობას მოხვდა და კერძო სკოლის ეზოში ჰქონდა ისარი. საფრთხე დაინახეს მშობლებმა და გააპროტესტეს.
ასეთი პრეცედენტები რომ თავიდან ავირიდოთ, საჭიროა კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს ამწეების იმპორტს და ასევე მათი გამოყენების წესებსაც “, - განმარტა „ე-ბილდვეის“ დამფუძნებელმა.
ნინო გიორგაძის თქმით, ბაზარზე ხარისხიანი კოშკურა ამწეების შემოტანის მიზნით, „ე-ბილდვეიმ“ ჩინური პრემიუმ ხარისხის ბრენდ BQ-cranes-სთან, რომელიც კოშკურა ამწეებს ევროპული სტანდარტით აწარმოებს, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა და ამიერკავკასიის ბაზარზე ამ ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა.