ბიზნესი
29/04/2021

მშენებლობებზე ნებართვების გაცემა შემცირდა

საქართველოში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირებულია.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში 1931 ნებართვა გაიცა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,5%-იან ვარდნას აჩვენებს. სულ ნებართვა 1301,2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზეა (-15,4%) გაცემული.

ნებართვების 73,5% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46,8% თბილისზე, 11,1% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,8% - იმერეთის რეგიონზე და 6,8% - ქვემო ქართლის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. 

სულ, 2021 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულია 341,9 ათასი კვ.მ ფართობის (-18,5%) 562 ობიექტი (+16,1).