მრავალფუნქციური კომპლექსი "არაგვის" პროექტი შესაძლოა თავიდან მომზადდეს
სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის შევა პროექტი თბილისის მერიაში დასამტკიცებლად და რა პერიოდში დაიწყება მშენებლობა, გაურკვეველია.
პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტი მინდია გადაევი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში რთულია მოიძებნოს ინვესტორი და შესაბამისად, ფინანსური რესურსები. მისი განცხადებით, მიუხედვად ამისა, კომპანია პროექტზე შიდა სამუშაოებს აწარმოებს, მათ შორისაა, ტრანსპორტის კვლევა.
„პროცესი დაპაუზებული არ არის, უბრალოდ, ველოდებით ხელსაყრელ დროს, როდესაც შესაძლებელი იქნება ვინმესთან სერიოზულად საუბარი და ინვესტორის მოძიება,“ - აცხადებს გადაევი.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მომზადებულია ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფცია, რომელზეც არქიტექტურული კომპანია spectrum-მა იმუშავა, თუმცა უახლოეს მომავალში შესაძლოა ასევე spectrum-მა ახალ კონცეფციაზე დაიწყოს მუშაობა.
„თბილისის მერიის ურბანული სამსახურის მიერ გაიცა რეკომენდაცია, რომ პროექტში ცვლილებები შევიდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მომზადებულ კონცეფციაში ცვლილებები ვერ შევა, შესაძლოა spectrum-მა ახალ პროექტზე დაიწყოს მუშაობა,“ - აცხადებს გადაევი.
„ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც კონცეფცია მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმდება, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსისთვის ინვესტიციების მოზიდვაც გაადვილდება.
როგორც ცნობილია, პროექტი არის ძალიან კაპიტალალტევადი და მისი განხორციელებისათვის საჭირო იქნება საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა. საუბარია, ჯამში 50 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომლის ათვისებაც, ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით უნდა მოხდეს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 100 მლნ დოლარს აღემატება.
როგორც ცნობილია, რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე შერეული ტიპის სავაჭრო კომპლექსი უნდა მოეწყოს.