Moncler-ის და Marks&Spencer-ის სამოსის შეკერვა საქართველოში წელს დაიწყება
ქართული სამკერვალო კომპანია „იმერი“ საერთაშორისო ბრენდ Moncler-თან და Marks&Spencer-თან თანამშრომლობას გეგმავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაზა გვენეტაძემ განუცხადა, იტალიურ Moncler-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ჩატარებულია აუდიტიც. შესაბამისად, მათთვის პირველი კოლექციის მიწოდება სავარაუდოდ სექტემბრიდან დაიწყება.
რაც შეეხება Marks&Spencer-ს, ამჟამად მიდის აუდიტი, რომლის დასრულების შემდეგაც ქართულ კომპანიასა და საერთაშორისო ბრენდს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება. როგორც გვენეტაძე აცხადებს, Marks&Spencer-ისთვის ქართული კომპანია პროდუქციის მიწოდებას სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის დაიწყებს.
„ამჟამად ქალის სამოსს ვკერავთ გერმანული Lebek-ისა და Joy Lucy-სთვის. საუბარია, ქალის სამოსზე, მათ შორის პალტოსა და ნახევარპალტოზე, კაბაზე, შარვალსა და პიჯაკზე. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია სრულად ექსპორტზე გადის,“ - აცხადებს გვენეტაძე.
მისი განცხადებით, პანდემიის პერიოდში კომპანიას გაყიდვები დაახლოებით 25%-ით შეუმცირდა.
სამკერვალო ფაბრიკა „იმერს“ 90 წლის ისტორია აქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო უცხოელი შემკვეთებისათვის მუშაობს. პროდუქციის ძალიან მცირე ნაწილი ადგილობრივ ბაზარზეც (ქუთაისში) იყიდება.