ბიზნესი
04/06/2021

მომხმარებელი მაღალფასიანი პროცედურებისგან თავს იკავებს - გია გვარამიას კლინიკა

პლასტიკური ქირურგი, რომელმაც საქართველოში ესთეტიკური მედიცინის პირველი ცენტრი დააარსა, “ბიზნესპარტნიორის“ კითხვებს პასუხობს.

როგორც გია გვარამია  განმარტავს, პანდემია ისევე როგორც ბიზნესის ყველა სექტორს, ესთეტიკური მედიცინის ბიზნესსაც შეეხო. კერძოდ, საზოგადოება ერიდება სამედიცინო დაწესებულებაში მისვლას თუ ეს გადაუდებელი აუცილებლობა არ არის. შესაბამისად, „გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრს“ შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 20-30%-ით შეუმცირდა.

„ჩვენი სერვისი არ არის გადაუდებელი, ამის გადავადება შესაძლებელია ნებისმიერი ვადით, ამიტომ მარტივად იღებენ გადაწყევტილებას, პანდემიის პირობებში ერიდებიან. მეორე მომენტია ის, რომ ჩვენ სრულად დამოკიდებული ვართ პაციენტის გადახდისუნარიანობაზე, ანუ არ ვართ ბიუჯეტური დაფინანსებით. შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები დგება, ეს თავისთავად აისახება ჩვენს მუშაობაზეც,“ - აცხადებს გვარამია.

მისი განცხადებით, რაც უფრო მაღალფასიანია პროცედურა, მით უფრო მეტია თავშეკავება და მოცდა. გარდა ამისა, თუ წლების განმავლობაში ცენტრს საკმაოდ ბევრი უცხოელი აკითხავდა პროცედურებისთვის, ახლა ეს კატეგორია თითქმის არ არის, მხოლოდ რამდენიმე კვირაა გამოცოცხლება შეინიშნება. როგორც გვარამია აცხადებს, ესთეტიკის ცენტრს აქტიურად სტუმრობდნენ პაციენტები რუსეთიდან, ისრაელიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

„პლასტიკურ ქირურგიაში პანდემიის მიუხედავად მოთხოვნადია მკერდისა (გადიდება, დაპატარავება) და ცხვირის ოპერაცია, ლიპოსაქცია. შემდეგ მოდის სახის სხვადასხვა ოპერაცია, მუცლის პლასტიკა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბოტოქსით პროცედურებს, ცოტა პარადოქსულია, მაგრამ ლოქდაუნების დროს საკმაოდ მოთხოვნადი იყო ტუჩების გადიდება, ნაოჭების გასწორება და ასე შემდეგ. ახლა ეს მოთხოვნა დასტაბილურდა,“ - აცხადებს გვარამია.   

პლასტიკური მედიცინა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს დონეზეა განვითარებული და ყოველწლიურად ქვეყნებს ამ მიზნით ათასობით ტურისტი სტუმრობს. კითხვაზე,სხვა ქვეყნებთან შედარებით ვართ თუ არა კონკურენტუნარიანი, გვარამია აცხადებს, რომ ქვეყანა კონკურენტუნარია არსებული ხარისხისა და დაბალი ფასის გამო. 

გვარამია აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველა ოპერაცია, საკმაოდ მაღალი ხარისხით კეთდება, როგორც ეს საზღვარგარეთის შემთხვევაშია. „ფასი  გაცილებით დაბალია თან, ვმუშაობთ ზუსტად იმ მასალით რა მასალითაც მუშაობენ საზღვარგარეთ,”-აცხადებს გვარამია.