ბიზნესი
04/11/2020

მოგების მარჟა ლარის გაუფასურების შემთხვევაში ჩვენთვის მაღალია - “აჭარა ტექსტილი“

რა წნეხს განიცდის ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექსტილის საწარმო ,„აჭარა ტექსტილი“, კომპანიის  ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

როგორც გია ლომინაძე აცხადებს,  კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად,  „აჭარა ტექსტილი“ Nike-თან, Adidas-თან, Under Armour-თან, New Balance-თან და ყველა სხვა საერთაშორისო სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობას აგრძელებს.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ლომინაძე აღნიშნავს, რომ  ის რაც ცუდია ქვეყნისთვის და დასაქმებულებისთვის, ამ შემთხვევაში კარგია ექსპორტიორი კომპანიისთვის.

„ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჩვენს შემოსავალებზე დადებითად აისახება. ნედლეულს მართალია იმპორტით ვყიდულობთ, თუმცა უფრო მეტს ვყიდით. შესაბამისად, მოგების მარჟა ლარის გაუფასურების შემთხვევაში ჩვენთვის მაღალია,“ - აცხადებს ლომინაძე.

„აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული. საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექსტილის საწარმო წლიურად დაახლოებით 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს. კომპანიას ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში უკვე აქვს სამი სამკერვალო ქარხანა, სადაც დაახლოებით 3 500 ადამიანია დასაქმებული.