ბიზნესი
13/10/2020

მოდის სახლი ANOUKI: ონლაინ პლატფორმა გაყიდვების ერთ-ერთ არხად დარჩება

მოდის სახლი ANOUKI-ს  დირექტორი  ნინა ჭაბუკიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მარტ-აპრილში ამოქმედდა კომპანიის ონლაინ პლატფორმა, რაც დღემდე წარმატებულად მუშაობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე.

„ონლაინ გაყიდვები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. არაპანდემიური პერიოდი რომ ყოფილიყო გაყიდვები უფრო მეტი იქნებოდა, ასე რომ, ონლაინ პლატფორმის უკმაყოფილო არ ვართ,“ - აცხადებს ჭაბუკიანი.

მისი ინფორმაციით, ონლაინ პლტფორმა კომპანიის გაყიდვის ერთ-ერთ არხად დარჩება.

„ვცდილობთ, კონკურენტუნარიანები ვიყოთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე. ასევე ვცდილობთ, რომ ჩვენივე ფასნამატიდან გადავიხადოთ გზავნილის თანხა. შესაბმისად, მომხმარებელს უფასო კურიერულ მომსახურებას ვთავაზობთ,“ - აცხადებს ჭაბუკიანი.

მისი ინფორმაციით, ANOUKI-ს ონლაინ პლატფორმით ძირითადად უფრო უცხოელი მომხმარებელი ინტერესდებოდა, თუმცა, იმ პერიოდში, როდესაც მაღაზიები საქართველოში დაკეტილი იყო, ქართველი მომხმარებლების ქცევა შეიცვალა და ონლაინ გაყიდვები არამარტო თბილისის, საქართველოს მასშტაბითაც გააქტიურდა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჭაბუკიანი ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ დაგეგმილია გარკვეული ცვლილებები როგორც ბრენდის, ისე მაღაზიის კონცეფციაში.

ამ ეტაპზე ANOUKI-ს პროდუქცია საბითუმო დისტრიბუციით იყიდება 35-მდე საერთაშორისო მაღაზიაში, ხოლო საქართველოში, თბილისში ერთი მაღაზიითაა წარმოდგენილი.  ჭაბუკიანის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ადგილობრივ ბაზარზე  კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 30%-ით შემცირდა, რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ამ შემთხვევაში შემცირება დაახლოებით 15-20%-ს შეადგენს.