ბიზნესი
04/02/2021

"მიწოდების სერვისზე გადაწყობა რთული აღმოჩნდა" - HB-ის ქსელი

საქართველოში HB-ის სარესტორნო ქსელის მფლობელი ხატია გვასალია  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რესტორნისთვის, რომელსაც ონლაინ მიწოდების სერვისი არასდროს ჰქონია, ამ მიმართულების დანერგვა და განვითარება რთულია.

„გადაწყობა ამ რეჟიმზე არის ძალიან მძიმე. არის რესტორნები, რომლებიც გატანზე მუშაობს და მუშაობდა. თუმცა, რესტორნის მუშაობა სხვაა და გატანის სერვისი სულ სხვა. შესაბამისად, ამ მიმართულების დანერგვას დრო დასჭირდა,“ - აცხადებს ხატია გვასალია.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, სარესტორნო ბიზნესი გაურკვევლობაშია. ამას ემატება გადასახადების ვალდებულება, იჯარის თანხა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას.

როგორც გვასალია აცხადებს, დიდი ხელშეწყობა იქნება ის, რომ მოხდეს დღგ-ს და საშემოსავლო გადახადზე 25%-იანი შეღავათი მაინც.

მისი განცხადებით, არსებობს თუ არა სარესტორნო ბიზნესისთვის შექმნილ სიტუაციაში გადარჩენის გეგმა, ესეც უცნობია.

„მე ხომ ვერ გავიგე და მგონია, რომ თავადაც არ იციან, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ვიღაცას ჰგონია, რომ რესტორანი თუ გაქვს მილიონერი ხარ,ამ დროს არა. ყველაფერი კრედიტით გვაქვს გაკეთებული“-აცხადებს გვასალია.

მისი განცხადებით, მაშინ როდესაც დაუშვეს რეგულარული ფრენები, წარმუდგენელია რატომ შეიძლება  ვერ გაიხსნას ის რესტორნები, სადაც უსაფრთხოების ყველა წესია დაცული.

ამ დროისთვის საქართველოში HB-ის ქსელი წარმოდგენილია რამდენიმე ობიექტით. მათ შორის, თბილისში -2 რესტორანი, გუდაურში -1, ბათუმში -1.