მინერალური წყალი "ძუღური" და "ლაშიჭალა" მალე სავაჭრო ქსელში გამოჩნდება
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მინერალური წყლის კომპანია „ძუღური” მინერალური წყლის წარმოებას განაახლებს.
„რთული რელიეფიდან და ცუდი ამინდებიდან გამომდინარე, ჩაიხერგა საბადომდე მისასვლელი გზა, რომელიც ქარხნიდან 12 კილომეტრშია. როდესაც გავწმინდთ გზას, უკვე მოპოვებას დავიწყებთ. მწარმოებელი ქარხანა უკვე აშენებულია, გვინდა მაისში მოესწროს წარმოება,“ -აცხადებს ნუგზარ ჯოგლიძე. ქარხანა ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში მდებარეობს.
ჯოგლიძის ინფორმაციით, კომპანიამ წარმოების აღდგენასა და ახალი ქარხნის მშენებლობაში დაახლოებით 200 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. მინერალური წყალი „ძუღური" 1 ლიტრიან ბოთლებში გაიყიდება. კომპანიის ფასი 1.5 ლარი იქნება, აფთიაქებში კი 2 ლარი. დაგეგმილია პროდუქტის მსხვილ სავაჭრო ქსელებშიც შეტანა.
გარდა ამისა, კომპანია „ძუღურმა“ მინერალური წყალი „ლაშიჭალას“ მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია შეიძინა. როგორც ჯოგლიძე აცხადებს, კომპანია აღნიშნული ბრენდითაც ჩამოასხამს წყალს, მისი ფასი სავაჭრო ქსელში 1 ლარი იქნება (1 ლიტრიან ბოთლებში).
მისი ინფორმაცით, ამ დროისთვის მინერალური წყალი „ძუღურის“ დღიური დებეტი 6 ტონაა, თუმცა იგეგმება მოპოვების 10 ტონამდე გაზრდა. რაც შეეხება „ლაშიჭალას“ დებეტს, მისი დღიური დებეტი 50 ტონაა.
შეგახსენებთ, კომპანიამ წყლის საცდელი პარტია 40 ათასი ბოთლი 2016 წლის ზაფხულში ჩამოასხა და გასაყიდად გამოიტანა, თუმცა რთული რელიეფური მდომარეობის გამო, წარმოების პროცესი გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და წარმოება დროებით შეფერხდა.
მინერალური წყალი „ძუღური“ და „ლაშიჭალა“ ცაგერის რაიონში, ლეჩხუმში მოიპოვება. ორივე წყალი დაბალმინერალიზებულია და მისი მიღება დიდი რაოდენობითაც არ არის საზიანო. ჯანდაცვის სამინისტრომ „ძუღურს" მიანიჭა სამკურნალო წყლის კატეგორია. წყალი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებისთვის და ნევროზის დროს. „ლაშიჭალა“ კი კუჭ-ნაწლავის დაავადებებს კურნავს.