"მინდა ფერმერებს ვერავინ გაუბედოს თქმა, რომ მათ ცუდი პროდუქტი აქვთ"
საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ფარგლებში,პროექტი „ქართული ყველის“ მეორე ეტაპმა სტარტი აიღო. ამის შესახებ საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პროექტის „ქართული ყველის“ მეორე ეტაპის მიზანი, საქართველოს მასშტაბით მცირე ფერმებისათვის სურსათის უვნებლობის საკითხების გაცნობა და ცნობიერების ამაღლებაა. თუ როგორ აწარმოონ სტერილურ გარემოში რძის ნაწარმი ყველა სტანდარტის დაცვით.
აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრები ფერმერებს სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ.
როგორც მიქაძე-ჩიკვაიძე განმარტავს, მცირე ფერმერების პრობლემა სურსათის უვნებლობის საკითხია. მათ არ იციან ის სტანდარტები, რაც წარმოების პროცესს სჭირდება. მისი თქმით, ქვეყანამ საკუთარი მემკვიდრეობაც დაივიწყა და არც ახალ სტანდარტებს იმატებს.
„თბილისის შემოგარენში, სადაც პატარ-პატარა ფერმერული მეურნეობებია ჩავდივარ და ვსწავლობ იქაურ ყველსა და მის ტექნოლოგიებს. ვასწავლი როგორი უნდა იყოს ვენტილაცია, გამწოვი, სად უნდა იყოს ონკანი. ყველაფერი, რაც სჭირდება უსაფრთხო პროდუქტის წარმოებას.
ახლა ეს პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. მცირე ფერმერულ მეურნეობებს შევასწავლით გზას ლაბორატორიისკენ. ეს ყველაფერი თბილად, მეგობრულად, ადამიანურად უნდა ავუხსნათ, რომ გული არ უნდა ვატკინოთ ამ ადამიანებს. ბევრს ჰგონია, რომ გლეხის ყველს ვიღაც ერჩის, თუმცა ასე არ არის. გლეხის ყველთან ბრძოლა არ შეიძლება, ჩვენ არტიზანული ყველების მწარმოებელი ქვეყანა ვართ და ეს ასე უნდა დარჩეს. რამდენიმე მსხვილი მეწარმე გაჩნდება, მაგრამ არასოდეს არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ გლეხმა უნდა მიატოვოს ყველის კეთება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მათმა პროდუქტებმა ისეთი სტანდარტი დაიცვან, რომ ვერავინ გაუბედოს თქმა, რომ ცუდი პროდუქტი აქვთ.“ -აცხადებს მიქაძე-ჩიკვაიძე.
მისივე ინფორმაციით, პროექტის მიზანია არტიზანული ყველი მსოფლიოში საუკეთესო იყოს.
„მხოლოდ ყველს არ შეეხება, არტიზანულ პროდუქტზეა საუბარი. მაგალითად კარაქი. ქვეყანაში ისეთი უკმარობაა ნამდვილი კარაქის. სოფელში რაც კეთდება, ეს უნდა იყოს ხელშეუხებელი. მე უნდა მეგულებოდეს არაჩვეულებრივი დამბალ ხაჭო, არაჩვეულებრივი ნარჩვი, არაჩვეულებრივი ტენილი ყველი. ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და თან სტანდარტები დავიცვათ, ესაა ჩემი მიზანი. „ქართული ყველის“ მეორე ეტაპი - ქარხანა ბორბლებზე ამას ემსახურება, რომ ჩვენ ერთად, პატარა ფერმერებმა და არტიზანული პროდუქტების მწარმოებლებმა,ერთად ვისწავლოთ სურსათის უვნებლობის მოთხოვნები,“-აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავჯდომარის განმარტებით, პირველი გაჩერება ქვემო ქართლია, რომელის შესწავლა სექტემბრამდე გაგრძელდება, ხოლო შემდეგი გაჩერება კახეთი იქნება, სადაც შესთავაზებენ კონცეფციას და დაეხმარებიან რესურსების მოზიდვაში.
ცნობისთვის, პროექტი „ქართული ყველის“ მეორე ეტაპი, რომელიც მცირე ფერმერებისთვის ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს, 3 წლიანი პროექტია, რომელსაც ყველის მწარმოებელთა ასოციაცია საკუთარი რესურსებით ახორციელებს. რაც შეეხება პირველ ეტაპს, რომელიც მოიცავდა ყველის პოპულარიზაციას,უკვე დასრულებულია.