მიხეილ ხიდურელი: FDI გრანტის მექანიზმით 10-მდე საერთაშორისო კომპანია არის დაინტერესებული
„ამ ეტაპზე FDI გრანტის მექანიზმით ათამდე საერთაშორისო კომპანია არის დაინტერესებული, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ჩვენი ინვესტიციების გუნდი აწარმოებს,“ - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.
უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი (FDI გრანტი), რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, ითვალისიწნებს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობას, ტექნოლოგიის შემოდინებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მისი თქმით, პროგრამამ დიდი გავლენა იქონია უცხოელ ინვესტორებზე და არიან კომპანიები, რომლებიც სწორედ აღნიშნული ხელშწყობის მექანიზმის გამო დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით.
აღსანიშნავია, რომ დაინტერესება მოდის ბიზნესპროცესების აუთსორსინგის, ელექტრო ნაწილების წარმოების და ლოგისტიკის მიმართულებებით.
ხელშეწყობის მექანიზმი, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად. პროგრამა მოიაზრებს ინვესტორის მიერ უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ თანხის ანაზღაურებას. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში ხდება სპეციფიური და სპეციალიზირებული დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც გარკვეულ დროსთან და ინვესტორის მხიდან რესურსების გამოყოფასთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილე საერთასორისო კომპანია, ვალდებული იქნება არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150 სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა.
პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვეს შეადგენს.
გრანტის ოდენობა და საინვესტიციო ვალდებულებები
წარმოება და სხვა მიმართულებები - გრანტის მოცულობა 1,000,000 ლარი
ინვესტიციის მოცულობა - არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი,
შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა - არანაკლებ 150 (სრულ განაკვეთზე დასაქმებული).
BPO (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი) - გრანტის მოცულობა 750,000 ლარი
ინვესტიციის მოცულობა - არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი,
შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა - არანაკლებ 200 (სრულ განაკვეთზე დასაქმებული).