ბიზნესი
30/11/2020

მიხეილ ჭელიძე: ბიზნესის უმრავლესობა ვერ გადარჩება

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიხეილ ჭელიძე ფიქრობს, რომ შეზღუდვების ახალ ტალღას კერძო სექტორის რამდენიმე მიმართულება ვეღარ გაუძლებს.

ჭელიძისთვის გაუგებარია, რატომ ეძლევა ბიზნესის ნაწილს ფუნქციონირების საშუალება, მეორე ნაწილს კი არა.

„ამ აკრძალვების გამო ძალიან მძიმე სიტუაციას მივიღებთ. რაღაც ბიზნესი დავკეტეთ, რაღაც არ დავკეტეთ. სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი უკვე ისედაც ძალიან დაზარალდა. ვაჭრობა იყო ერთადერთი სფერო, რომელიც გადარჩა და ამ მეორე ტალღას ისინი ნამდვილად ვერ გადაიტანენ. პირველ ტალღაზე უფრო მეტი პატრიოტული მომენტი იყო, ყველა დავიკეტეთ და ყველამ მოვიკელით, მაგრამ ახლა ზოგი ბიზნესი დაიკეტოს და ზოგი არა… ამ ბიზნესებმა მუშაობის განახლებისთვის სესხი აიღეს. ფიზიკურად ვეღარ გადარჩებიან. ადამიანებს, რომლებიც ამ ბიზნესის უკან დგანან, ძალიან გაუჭირდებათ. მოლებსა და ვაჭრობის სფეროში არავის აქვს რეზერვები, რომ მოახერხოს თავის შენახვა. რა თქმა უნდა, თანამშრომლებს გაუშვებენ და დასაქმების მნიშვნელოვანი კლება იქნება“,- აღნიშნავს გაერთიანების პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. როგორც ბიზნესის უმრავლესობა აცხადებს ეს ფაქტობრივად სრული "ლოქდაუნია". უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, გადაადგილება იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე; შეიზღუდა საქალაქთაშორისო გადაადგილება, გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ ტაქსებითა და კერძო მანქანებით; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე, აიკრძალა ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა; შეზღუდვები დაწესდა ზამთრის კურორტებზეც, ამავდროულად სათხილამურო კურორტეზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.