მიხეილ ჭელიძე: ბიზნესი შუქი არ არის, როცა მოგვინდება ავანთოთ ან ჩავაქროთ
მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაცია მთავრობას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად ბიზნესის ქცევის სამოქმედო კონკრეტული გეგმის შედგენისკენ მოუწოდებს.
გაერთიანების თავმჯდომარე, მიხეილ ჭელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ არ შეიძლება, კერძო სექტორს რამდენიმე დღით ადრე ამცნო ხსნი, თუ კეტავ.
„შეზღუდვები აუცილებლად იმ ვადებში უნდა მოიხსნას, რაც დაგეგმილია. ბიზნესი შუქი არ არის, როცა მოგვინდება ავანთოთ, ჩავაქროთ. ყველაფერს სჭირდება მომზადება. უნდა გაიწეროს კონკრეტული თარიღები. მაგალითად, უნდა ვთქვათ, რომ 4000-ს თუ აცდება, მერე თავიდან დავიკეტებით. ეს წელი გავიარეთ, რაც იყო ჩავამთავრეთ. ახლა უკვე უნდა დავგეგმოთ ყველაფერი. ვირუსი არსად მიდის. უნდა იყოს კარგი და ცუდი სცენარი. ცუდი სცენარიც წინასწარ უნდა იცოდეს ბიზნესმა იმისთვის, რომ თუ იმ სცენარს მივუახლოვდებით, მან მზადება დაიწყოს. და არა ისე, ხუთი დღით ადრე რომ ეუბნებოდნენ, უნდა დაგკეტოო. ეს არის პრობლემა“,- აღნიშნა ჭელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან დაწესებული რეგულაციების ნაწილი შემსუბუქდა. აღდგა საერთაშორისო რეგულარული ფრენები, გაიხსნა სავაჭრო მოლები. თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა სკოლებში დაბრუნდნენ მოსწავლეები, ასევე აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აჭარაში გაიხსნა კვების ობიექტების გარე სივრცეები, ამ თვალსაზრისით სხვა რეგიონებში კვლავინდებურად შეზღუდვა რჩება - ფუნქციონირებს გატანის სერვისიდაწესებული რეგულაციების დაცვით.
ძალაში რჩება კომენდანტის საათი, სავაჭრო მოლები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ.