"მიგრანტების დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა ქვეყანა და ქირის ფასებმაც შემცირება დაიწყო"
ბაზარზე ბინის ქირის გაიაფებას ელიან. უძრავი ქონების სექტორში აცხადებენ, რომ ფასების კლება უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე, ეს ტენდენცია გაგრძელდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ "რემაქს კაპიტალის" ბროკერმა გიორგი ბოლქვაძემ განუცხადა, ბაზარზე იჯარის ფასის კლება უკვე შეინიშნება. კერძოდ, თუ წლიურად დაახლოებით, 70%-ით იყო ქირა გაძვირებული, ამ გაზრდილ ფასთან შედარებით, 35-40%-იანი კლება ფიქსირდება.
„ბინის ქირის ზრდა წინა წელს დაიწყო და 2021 წელთან შედარებით, 145 %-იანი ზრდაც კი დაფიქსირდა. მთავარი მიზეზი ქირაზე გაზრდილი ფასებისა მიგრანტების დიდი ნაკადის შემოდინება და გაზრდილი მოთხოვნა იყო, რასაც მიწოდება ვერ აკმაყოფილებდა. თუმცა, ახლა მიგრანტების დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა ქვეყანა, შედეგად მოთხოვნა შემცირდა და შესაბამისად, ქირის ფასებმა შემცირება დაიწყო“, - აღნიშნა გიორგი ბოლქვაძემ.
მისივე თქმით, სექტორში მკვეთრ კლებას არ ელოდებიან. „წლის ბოლომდე ქირის ფასი კიდევ ქვევით წამოვა, მაგრამ 2023 წელს ის 2021 წელთან შედარებით მაინც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. რაც შეეხება კომერციულ ფართებს, აქ იჯარის ფასის კლებას არ ველოდებით. კომერიცული ფართებს სტაბილური ფასი უჭირავთ“, - განმარტა "რემაქს კაპიტალის" ბროკერმა.
ცნობისთვის, ბოლო 1 წლის განმავლობაში, თბილისში არ დარჩენილა უბანი, სადაც ქირის ფასმა არ მოიმატა. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, გასაქირავებელი ფასი მიმდინარე წლის ივლისში, 1 კვადრატული მეტრის შემთხვევაში, 13 დოლარს გაუტოლდა, რაც 2022 წლის ივლისთან შედარებით 48%-ით მაღალია.