მერიკო გუბელაძე: ხალხი რესტორანში დადის, მაგრამ ისევ თავის გატანის რეჟიმში ვართ
ცნობილი შეფმზარეული მერიკო გუბელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ კვების ობიექტებისთვის შეზღუდვების შერბილებასა და ინდუსტრიის მოლოდინებზე საუბრობს. მისთვის, როგორც რესტორატორისთვის ე.წ კომენდანტის საათის მოხსნა დიდი შეღავათია.
„თანამშრომლები შეზღუდვების გამო სახლში 22:00 საათიდან გარბოდნენ, ფაქტობრივად, ვრჩებოდით ორი ადამიანი, ვისაც საშვები გვქონდა, ჩვენს კისერზე იყო დარეცხვა, დასუფთავება. ე.წ კომენდანტის საათის გამო ვერ ვასწრებდით ელემენტარული ჰიგიენის ნორმების შენარჩუნებას. ახლა ეს პრობლემა აღარ იქნება და კარგია. რესტორნები 00:00 საათის შემდეგ მაინც არ მუშაობენ, ხალხი უფრო საჭმელად მოდის, ცუდ მდგომარეობაში უფრო ღვინის ბარები და ღამის კლუბები იქნებიან,“ - აცხადებს გუბელაძე.
რესტორატორი აცხადებს, რომ დღეს რესტორნებში ხალხის აქტივობა ნორმალურია, თუმცა შემცირებულია საშუალო ქვითრის რაოდენობა.
„შემოსავალი შემცირებულია, მაგრამ სავალალო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ხალხი ჩემს რესტორნებში მაინც დადის, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებლად ვმუშაობთ. შეზღუდვების გამო ბევრი ვალი დაგვიგროვდა, წინა პერიოდის გამო მაინც თავის გატანის რეჟიმში ვართ, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ხალხი არ დადის და რესტორანი ცარიელია,“ - აცხადებს გუბელაძე.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია აქტიურად მოხდეს საზოგადოების ვაქცინირება.
“სამარცხვინო ფაქტი გვჭირს, ჯერ მოსახლეობის მხოლოდ 2%-იანია ვაქცინირებული. სავარაუდოდ, ეს ინდური შტამი „დელტა“ გზაშია, მე სულაც არ გამიკვირდება 1 თვეში ისევ რომ ჩაგვკეტონ. ყველასთვის და მით უმეტეს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ვაქცინაცია. მე კი მომწონს რომ მოხსნეს ე.წ კომენდანტის საათი და გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ლოგიკა - ან რატომ იყო, ან რატომ მოხსნეს? რა შეიცვალა? მოსახლეობა ისევ არ არის ვაქცინირებული, მსოფლიო მასშტაბით ისევ განგაშის სიგნალი ისმის “დელტას“ შტამზე, ერთადერთი ამოისუნთქეს იმ ქვეყნებმა, სადაც მასიურად მოხდა ვაქცინირება. ორჯერ ორი ოთხია, დარწმუნებული ვარ, რომ მოვა „დელტა" ჩვენთან და ისევ ჩავიკეტებით,“ - აცხადებს გუბელაძე.
როგორც ცნობილია, რესტორატორი მერიკო გუბელაძე „შავი ლომის“ და „ლეილას“ მფლობელია. რაც შეეხება „ლისი ლაუნჯის“, ობიექტი პანდემიის გამო დაიხურა და აღარ გახსნილა.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1-ლი ივლისიდან ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა უქმდება. შეზღუდვა რჩება კვების ობიექტებთან მიმართებაში. ისინი 00:00 საათამდე იმუშავებენ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეზღუდვა ეხება ყველა გასართობ ცენტრს, მათ შორის სასტუმროს რესტორნებსაც.