მეღვინეობა "ჩელთის" წარმოებული ღვინო ერთ კვირაში ექსპორტზე შვედეთში გავა
მეღვინეობა "ჩელთის" წარმოებული ღვინო ერთ კვირაში ექსპორტზე შვედეთში გავა.
როგორც "ჩელთის" გენერალურმა მენეჯერმა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, კომპანიამ შვედეთის მთავრობის მიერ გამიცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. შედგად, პირველ ეტაპზე, შვედეთში 5 000 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდება.
"შვედეთი ძალიან საინტერესო და ასევე მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარია. ხარისხიანი ღვინის მოყვარული ხალხი ცხოვრობს და შესაბამისად, მოლოდინები დადებითი გვაქვს. ცოტა ხნის წინ მოვიგეთ ეს ტენდერი.
მოგეხსენებათ, შვედეთში ნაციონალიზებულია ღვინის შეტანა და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო კომპანიით შევდივართ, როგორც ტენდერში გამარჯვებული მეღვინეობა.
უკვე გამზადებულია ყველა საბუთი, საექსპორტო ღვინოც და ერთ კვირაში განვახორციელებთ ექსპორტს. პირველ ეტაპზე 5 ათას ბოთლზე იყო ტენდერი გამოცხადებული და შესაბამისად, ამ მოცულობით შევდივართ" -აღნიშნა ანდრია მირიანაშვილმა.
მისივე თქმით, "ჩელთის" მიერ წარმოებული ღვინო ამ ეტაპზე 26 ქვეყანაში იყიდება.
"ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მოგვეხდინა და არ ვყოფილიყავით რომელიმე ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული. ღვინოს ვყიდით აზიურ ქვეყნებში, მათ შორის იაპონიასა და ჩინეთში. ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ექსპორტი გვაქვს კანადაში და ამერიკაშიც. საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი ღვინო საშუალო და მაღალფასიან სეგმენტში იყიდება." - აღნიშნა ანდრია მირიანაშვილმა.
მეღვინეობა „ჩელთი“ ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.
ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 15 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.