ბიზნესი
21/01/2021

მეგასპორტი: სავაჭრო ცენტრების შაბათ-კვირას დაკეტვა, სექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს

კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი, დავით ჩხეიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ ახალი რეგულაციების მიხედვით, სავაჭრო ცენტრებს შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არ ექნებათ, ეს სექტორს დიდ ზარალს მოუტანს. მისივე განცხადებით, შემოსავლების დაახლოებით 40%-ს მოლები სწორედ შაბათ-კვირის განმავლობაში იღებენ.

„კვირის ჭრილში შემოსავლების დაახლოებით 40% შაბათ-კვირაზე მოდის. რეგულაციის მიხედვით, ეს სამუშაო დღეები თუ ამოვარდება, ეს ორი დღე კვირის დანარჩენ დღეებზე ვერ გადანაწილდება. ასე არ ხდება რითეილში. ეს იმას გამოიწვევს, რომ ხარჯები დარჩება იგივე, შემოსავალი კი ნაკლები. იმ ორგანიზაციების გადმოსახედიდან, რომელთანაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს, იქნება ეს საბანკო ინსტიტუტები, თუ მოლების მენეჯმენტი, ჩვენ გახსნილები ვიქნებით. შესაბამისად, მათთან არსებული ვალდებულებები ჩვეულებრივად გვექნება გადასახდელი.

ჩვენ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ვაჩვენეთ, რომ „კარგად მოვიქეცით“, ეფექტურად ვმართეთ, ყაირათიანი შედეგი დავდეთ. ასეთი შეზღუდვები არაფრის მომტანია. თუ აქ აპრიორად „შავ პარასკევს“ აიღებენ, ეს ის მაგალითი ვერ იქნება, რომელიც შაბათ-კვირასთან დაკავშირებით უნდა გამოიყენო. ეპიდემიოლოგები ჩვენს სფეროსთან დაკავშირებით ვერანაირ ეპიდემიოლოგიურ დასკვნას ვერ დადებენ“,- აღნიშნა ჩხეიძემ.

ცნობისთვის, „მეგასპორტი“ საქართველოში The North Face-ის, Timberland-ის, Diesel-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელია.