ბიზნესი
23/02/2023

"მეგალომანიას" ქართული სამაგიდო თამაში მალე Amazon-ზეც გამოჩნდება

ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანიები, გერმანიაში გამართული საერთაშორისო გამოფენიდან, ახალი კონტაქტებით და საექსპორტო გეგმებით დაბრუნდნენ. ევროპის ქვეყნები, აშშ, კორეა, კანადა, ავსტრალია - ეს  იმ სახელმწიფოების მცირე ჩამონათვალია, ვინც საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური და საოჯახო თამაშების შეძენის სურვილი გამოთქვა.

პირველად ისტორიაში, ადგილობრივი წარმოების სამაგიდო თამაში „მეგალომანია“ მსოფლიოს ყველაზე დიდ ონლაინ სამაგიდო თამაშების პლატფორმაზე - Boardgamearena-ზე მოხვდა.

„ეს დიდი წარმატებაა არა მხოლოდ კონკრეტული თამაშისთვის, არამედ, ზოგადად ინდუსტრიისთვის. მარტივად რომ ავხსნათ, Boardgamearena საუკეთესო ადგილია ახალი სამაგიდო თამაშების გასაცნობად და ასათვისებლად.

რეიტინგები, მედლები, მიღწევები, რეპუტაციის ქულები, ტურნირების სისტემა და სხვა ბევრი საინტერესო ელემენტი არის მიზეზი, რის გამოც აღნიშნული პლატფორმა პოპულარულ, პრესტიჟულ სივრცედ იქცა.

შესაბამისად, Boardgamearena-ზე მოხვედრა საკმაოდ რთულიცაა, რადგან თამაში ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ პლატფორმაზე ყოველთვიურად 15 მილიონი მომხმარებელი შედის“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ თამაშის შემქმნელი კოპანია „ბიჯი ერა გეიმსის“ თანადამფუძნებელმა ნიკა ნადირაძემ.

მისივე ინფორმაციით, „მეგალომანია“ უკვე გაეშვა საერთაშორისო პლატფორმა Kickstarter-ზე და მალე ხელმისაწვდომი  Amazon-ზეც იქნება.

როგორც ნიკა ნადირაძე ამბობს, „ბიჯი ერა გეიმსი“  მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას არ აპირებს. უკვე დაწყებული აქვს მუშაობა ახალ ინტელექტუალურ თამაშებზე.

„ზოგადად, 1 მარტივ თამაშზეც კი მუშაობა რამდენიმე თვე მიმდინარეობს. ამიტომ, წლის ბოლომდე ვაპირებთ 1-2 ახალი თამაში დავამატოთ, უკვე არსებული 2 თამაში - „გორგასალი“ და „მეგალომანია“  საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გავყიდოთ“, - განმარტა ნიკა ნადირაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიოში სამაგიდო თამაშების ინდუსტრია საკმაოდ შემოსავლიანია, ყოველწლიურად ორნიშნა ზრდას აჩვენებს და ამჟამად, მისი წლიური ბრუნვა 12 მლრდ დოლარს აღწევს.

რაც შეეხება საქართველოს, აქ სამაგიდო თამაშების ინდუსტრია სულ რამდენიმე წელს ითვლის და ჯერჯერობით, მცირეა ამ კუთხით მომუშავე კომპანიების რიცხვიც.

Businesspartner