მეგალაბი: კვალიფიციური კადრების მოძიება ძალიან რთულია
კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს დამატებითი კადრების მოძიება დასჭირდათ.
კომპანიებისთვის ეს პროცესი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ მულტიფუნქციური ლაბორატორია „მეგალაბის“ კლინიკური დირექტორი, ნინო ლუღათავა განმარტავს, ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია.
„ყველაზე დიდი სირთულე ადამიანური რესურსის მობილიზება აღმოჩნდა. ძალიან გვიჭირდა კადრების მოძიება. რაც მთავარია, კვალიფიციურ კადრებზეა საუბარი. ძალიან ბევრი ადამიანი დავასაქმეთ. სტუდენტები, ძირითადად სამედიცინო უნივერსიტეტიდან“,- აღნიშნა მან.
„მეგალაბის“ კლინიკურ დირექტორის განმარტებით, პანდემიის განმავლობაში ლაბორატორიების ბაზრის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა.
„ძალიან ბევრი ლაბორატორია გაიხსნა. რა თქმა უნდა, ყველა ერთი სტანდარტით არ მუშაობს, რამაც გარკვეული სირთულეები შექმნა. ლაბორატორიების რაოდენობამ მხოლოდ PCR ტესტებთან მიმართებით 5-ჯერ მოიმატა“,- განმარტა ლუღათავამ.