ბიზნესი
06/04/2022

მეფუტკრეობის ცოდნის გაზიარება - "თაფლი ლეჩხუმიდან" ახალ საწარმოს ქმნის

საოჯახო მეფუტკრეობის "თაფლი ლეჩხუმიდან" პროექტმა, რომელიც გვანცა და გიგა ჭაბუკიანებმა GITA-ს საგრანტო კონკურსზე წარადგინეს, 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.

გვანცა ჭაბუკიანის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს მათი სოფლის და რეგიონის განვითარებას. შეიქმნება მეფუტკრეობის ცოდნის გამზიარებელი საწარმო, ასევე თაფლის გადამუშავების, დაფასოების (სტანდარტების დაცვით), კრემირებისა და ფიჭის დაბეჭდვის სერვისები.

"ადგილობრივ მეფუტკრეებს შევთავაზებთ სერვისს, რომელიც ჩვენს რეგიონში არ არსებობს. გრანტის ნაწილით, საწარმოს უახლესი დანადგარებით აღვჭურავთ და სერვისის განასახორციელებლად შევიძენთ მაღალი გამავლობის მანქანას, ასევე განვავითარებთ ფუტკრის ტურიზმს და ვიმუშავებთ ინოვაციური პროდუქტების შექნნაზე, რომელსაც მალე შევთავაზებთ მომხმარებლებს.

ამ ეტაპზე, დავასრულეთ საწარმოს მშენებლობა, სულ მალე მოვიპოვებთ საწარმოს აღიარებას და დავნერგავთ HACCP-ის სტანდარტებს. GITA-ს დახმარებით ჩვენი საწარმო მთელ რეგიონს მოემსახურება, დავასაქმებთ ახალგაზრდებს, ვასწავლით მეფუტკრეობას და გავაძლიერებთ რეგიონს," – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

"თაფლი ლეჩხუმიდან"-ის პროდუქციის რეალიზაცია მთელი საქართველოს მაშტაბით ხდება. დედა ფუტკრებს რეგიონის მეფუტკრეები ყიდულობენ, ასევე პოპულარულია სასაჩუქრე თაფლი, რომელიც ხელით ნაქარგი შეფუთვითაა და თითქმის ევროპის ყველა ქვეყენაშია გაგზავნილი.

"სამომავლოდ, ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის საცალო ქსელში შეტანას. ასევე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ექსპორტზეც გავალთ და ლეჩხუმის თაფლს მსოფლიოს გავაცნობთ," – ამბობს გვანცა ჭაბუკიანი.

ინფორმაციისთვის, საოჯახო მეუფტკრეობა წელიწადში დაახლოებით 4 ტონამდე წაბლის, აკაციის, ალპურ და ფიჭა თაფლს, ასევე ყვავილის მტვერს, ფუტკრის რძეს და სხვა პროდუქტებს აწარმოებს. ბიზნესი არაერთი კონკურსის თუ პროექტის გამარჯვებულია. მათ შორის, Social Impact Award-ის კონკურსის, სადაც თავდაპირველად $2000–ის დაფინანსება მიიღო, შემდეგ კი 7000 ლარით დაჯილდოვდა.