ბიზნესი
26/12/2020

"თაფლი ლეჩხუმიდან" – 22 წლის მეფუტკრე გოგოს საოჯახო ბიზნესი  

22 წლის მეფუტკრემ გვანცა ჭაბუკიანმა ოჯახის ტრადიცია ბიზნესად აქცია და რამდენიმე სახეობის თაფლის რეალიზებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახდენს.

„მეფუტკრეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციაა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავუბრუნდი ლეჩხუმს და ოჯახის ტრადიცია ბიზნესად გადავაქციე. საკუთარი დანაზოგით შევიძინეთ ფუტკარი, გავზარდეთ რაოდენობა, გამოგვყავს დედა ფუტკარი, ვიღებთ ფუტკრის რძეს და ვაწარმოებთ 4 სახეობის თაფლს. ვფიქრობ, ისეთი დაცლილი და მიგრაციის მაჩვენებლით პირველ ადგილზე მყოფი რაიონისთვის, როგორიც ლეჩხუმია, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიურობა.

წელს გავიმარჯვეთ Social Impact Award-ის კონკურსში, რომელიც ხორციელდებოდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით. მივიღეთ $2000–ის დაფინანსება, რაც დაგვეხმარა ჩვენი ბიზნესის გაძლიერებასა და გაფართოებაში,“ – აღნიშნავს გვანცა ჭაბუკიანი.

საოჯახო მეუფტკრეობა წელიწადში დაახლოებით 2-3 ტონამდე წაბლის, აკაციის, ალპურ და ფიჭა  თაფლს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზება კახეთში, ბოლნისში, ქუთაისსა და თბილისში ხდება.

„ჩვენი მიზანია წარმოების გაფართოება, ახალგაზრდა მეფუტკრეთა ასოციაცის შექმნა. Social Impact Award-ის პროექტში გამარჯვების შემდეგ ვამზადებთ ლოგოს და ეტიკეტს ჩვენი თაფლისთვის, რომელსაც ჰქვია "თაფლი ლეჩხუმიდან". გვინდა შევქმნათ მცირე საწარმო, მაგრამ ამჟამად ამის სახსრები არ გვაქვს, მომავალში ვაპირებთ დავასაქმოთ ადგილობრივები, გავაძლიეროთ ჩვენი სოფელი და რეგიონი,“ – აღნიშნავს გვანცა ჭაბუკიანი.

 

Businesspartner