ბიზნესი
14/04/2023

მეფრინველეობის ასოციაცია: კვერცხის იმპორტი უკონტროლოდ იზრდება

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 457 480 დოლარის ღირებულების კვერცხის იმპორტი განხორციელდა. საიდანაც  189 780 დოლარის ღირებულების იანვარში,  ხოლო 267 700 დოლარის ღირებულების თებერვალში შემოვიდა.

კვერცხის იმპორტი სრულად თურქეთიდან განხორციელდა.

როგორც მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, საქართველოში არსებულ ფერმერულ მეურნეობებს აქვთ რესურსი, რომ ადგილობრივი მოხმარება სრულად დააკმაყოფილონ, თუმცა მიუხედავად ამისა, კვერცხის იმპორტი უკონტროლოდ იზრდება.

„სამწუხაროა, რომ  ვერ და არ აკონტროლებენ კვერცხის იმპორტს. არ გვჭირდება, მაგრამ მაინც ვყიდულობთ. ადრე კვერცხი  უკრაინიდან და ბელორუსიიდანაც შემოდიოდა, თუმცა ახლა იმპორტი სრულად თურქეთიდან ხორციელდება. ვადევნებთ მონაცემებს თვალს და იმპორტის ზრდა შესამჩნევად მაღალია.“- განმარტა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.  

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 743 900 დოლარის ღირებულების კვერცხის იმპორტი განხორციელდა.

Businesspartner